NDI-ს კვლევით, მოსახლეობის უმრავლესობა ფიქრობს, რომ NATO-ში საქართველოს გაწევრიანება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას შეუწყობს ხელს. აღნიშნულ კვლევაში NATO-ში გაწევრიანების შესახებ განსხვავებული მოსაზრებებია მოყვანილი.
გარდა ამისა, კონკრეტული მოსაზრების მხარდაჭერის პროცენტული მაჩვენებელი განსხვავებულია ომის დაწყებამდე და ომის დაწყების შემდეგ ჩატარებულ კვლევებში.
მოსახლეობის უმრავლესობა, კვლავაც აქტიურად უჭერს მხარს NATO-ში საქართველოს გაწევრიანებას. NATO-ში გაწევრიანება მისაღებია მოსახლეობის 71%-ისთვის, მიუღებელია 15%-ისთვის, ხოლო 13% ამბობს, რომ არ იცის.
ომის დაწყების შემდეგ კი, უფრო მეტი ადამიანი ფიქრობს, რომ ნატო საქართველოს უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
კვლევა ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ. კვლევა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე (3-15 თებერვალი) და ორი კვირის შემდეგ (9-20 მარტი) ჩატარდა. იგი ქვეყნის წარმომადგენლობით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) ორი სატელეფონო გამოკითხვის შედეგებს ემყარება. საშუალო ცდომილების ზღვარი თებერვლის კვლევაში – +/- 1.8 პროცენტი, ხოლო მარტის კვლევაში +/- 1.6 პროცენტია. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით – შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.