ახალქალაქი ჰესის ხეების დარგვის ყოველწლიური აქცია 

2022 წლის 20 აპრილს, „ახალქალაქი ჰესის“ პროექტის  გარემოსდაცვითი  კომპონენტის ფარგლებში,  კომპანიამ „აისი“, ტყის ფონდის მიერ გაცემულ რეკომენდაციებზე დაყრდნობით და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ჩართულობით, ახალქალაქში 600 ცალი ფიჭვის და 500 ცალი იფანის ნერგი დარგო.

აქცია, რომელსაც „ახალქალაქი ჰესის“ გამავითარებელი კომპანია „აისი“ ახორციელებს, ყოველწლიურია და გარემოს გამწვანებას ისახავს მიზნად. აქტივობა დედამიწის საერთაშორისო დღის ფარგლებში ტარდება, რომელიც თავის მხრივ ყოველწლიურად 22 აპრილს აღინიშნება.

ახალი ნერგები დაირგვება ახალქალაქი-კარწახის და ახალქალაქი-ნინოწმინდის გზატკეცილებზე, ასევე „ახალქალაქი ჰესის“ მიმდებარე პერიმეტრზე.  ხეების დარგვის აქციაში მონაწილეობას მიიღებენ როგორც კომპანიის თანამშრომლები, ასევე ადგილობრივი მთავრობის  წარმომადგენლები.

„ჩვენ ვზრუნავთ ადამიანებზე, გარემოზე და რეგიონის განვითარებაზე. სწორედ გარემოზე ზრუნვის ფარგლებში, უკვე მეორე წელია ვახორციელებთ გამწვანების აქციას, რომლის ფარგლებშიც  ორი წლის მანძილზე 1500-მდე ნერგი დავრგეთ. ადგილობრივი მუნიციპალიტეტი თავის მხრივ უზრუნველყოფს ამ ნერგების მოვლა-პატრონობას წლის მანძილზე. „ახალქალაქი ჰესის“ გარემოს დაცვითი და სოციალური პროექტები ხელს უწყობს როგორც პროექტის მიმდებარე არეალში მოქცეული სოფლების განვითარებას, ასევე გარემოსდაცვითი ღონისძიებების გატარებას ახალქალაქის მუნიციპალიტეტში“ – განაცხადა პროექტის გარემოს დაცვისა და სოციალური პროექტების მენეჯერმა ნინო თევდორაშვილმა.

„ახალქალაქი ჰესი“, გარემოზე ზემოქმედების კუთხით – „მწვანე“, მდინარის მოდინებაზე არსებული მცირე ჰესია. იგი მდებარეობს მდინარე ფარავანსა და მის მარჯვენა შენაკადზე, მდინარე კორხზე. ჰესი ამჟამად მშენებლობის ეტაპზეა. მისი საპროექტო დადგმული სიმძლავრე არის 9.1 მეგავატი, ხოლო წლიური გამომუშავება შეადგენს 49 გიგავატსაათს. ჰიდროელექტროსადგურის ტერიტორიასთან ახლოს მდებარეობს სამი სოფელი – დილისკა, ორჯა და კორხი. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ სოფლებში კომპანია ახორციელებს სოციალური სახის პროექტებს. ექვსი პროექტი, კერძოდ დილისკას სასმელი წყლის მილსადენის რეაბილიტაცია, გზის და სანიაღვრე სისტემების რეაბილიტაცია, ქალწულ ვარვარას ქუჩის და სასაფლაოს პარკინგის გასწორება, კორხის საცურაო აუზის და ორჯას სატუმბი სადგურის მშენებლობა, უკვე დასრულებულია. კორხის სპორტული დარბაზი და ორჯას სატუმბი სადგურის ქსელის რეაბილიტაცია კი სულ მალე დასრულდება. მიმდინარე წლის ბოლოს კი  იგეგმება „ახალქალაქი ჰესი“  ოპერირების დაწყება.

დეველოპერი კომპანია – შპს „აისი“   სამუშაოების შესრულებას, როგორც ადგილობრივი კანონმდებლობის, ასევე საერთაშორისო IFC და EIB სტანდარტების შესაბამისად ახორციელებს, რაც გამოიხატება გარემოსა და სოციალურ ასპექტებში ზემოქმედების მინიმუმადე დაყვანითა, შესაბამისი შემარბილებელი ღონისძიებების გატარებით  და ადგილობრივი მოსახლეობისათვის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებით.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share