თურქეთში მსოფლიოში ყველაზე დიდი მიწისქვეშა ქალაქი აღმოაჩინეს

თურქეთის ქალაქ მიდიათს იმდენად მდიდარი ისტორია აქვს, რომ პრაქტიკულად მუზეუმია ღია ცის ქვეშ. თუმცა, ამჯერად არქეოლოგებმა სულ სხვა ისტორია აღმოაჩინეს, რომელიც ქალაქის ფუნდამენტების ქვეშ იყო დამალული – წერს Ati.

როგორც მეცნიერები აღნიშნავენ, 49 ოთახი, რომლებიც მიწისქვეშა ქალაქში აღმოაჩინეს, მისი სავარაუდო მთლიანი ფართობის მხოლოდ 3%–ს შეადგენს.

ქალაქის გარემოს დამცველებმა უზარმაზარი მიწისქვეშა სივრცე სრულიად შემთხვევით აღმოაჩინეს, როცა ქალაქში ისტორიულ ქუჩებს და შენობებს წმენდნენ. ისინი გამოქვაბულის საიდუმლო შესასვლელს წააწყდნენ, შემდეგ კი უცნაური გვირაბი აღმოაჩინეს, რომელმაც უზარმაზარ კომპლექსამდე მიიყვანა.

გათხრების დროს არქეოლოგებმა აღმოაჩინეს არტეფაქტები, რომლებიც  ჩვენი წელთაღრიცხვის 2–ე და 3–ე საუკუნეებს განეკუთვნება, საცავის, საკურთხევლის და ჭების ჩათვლით. ყველაზე გასაოცარი ის არის, რომ მეცნიერებმა ქალაქის საერთო ფართის მხოლოდ 3% აღმოაჩინეს.

“იმ დროს, როცა მიწის ზევით არსებული შენობები XVII, XVIII და  XIX საუკუნით თარიღდება, მიწის ქვეშ სრულიად სხვა ქალაქია, რომლის ასაკი დახალოებით 1900 წელია “ ამბობს მიდიათის მუზეუმის დირექტორი და გათხრების ხელმძღვანელი განი ტარკანი.

პატარა ქალაქი მიდიათი თურქეთის სამხრეთ–აღმოსავლეთით მდებარეობს. ის ასირიის იმპერიის დროს, ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაახლოებით 900 წელს შეიქმნა და მას რიგრიგობით მართავდნენ არამეელები, სპარსები, ბერძნები, რომაელები, ბიზანტიელები და ოსმანები.

ტარკანის თქმით, ახლადაღმოჩენილი ქალაქი ხელუხლებლად რჩებოდა უკანასკნელი 1900 წლის განმავლობაში. ითვლება, რომ ეს ფართო სივრცე ოდესღაც 70 ათას ადამიანს იტევდა.

სავარაუდოდ თავიდან ის აშენდა როგორც თავშესაფარი ან სამალავი. როგორც ცნობილია, 2–ე საუკუნეში ქრისტიანობა ოფიციალური რელიგია არ ყოფილა. ოჯახები და ჯგუფები, ვინც ქრისტიანობა მიიღო, ხშირად იმალებოდნენ მიწისქვეშა ქალაქებში რომის დევნისგან თავის დასაცავად. სრულიად შესაძლებელია, რომ ეს მიწისქვეშა ქალაქი ამ მიზნებისთვის აშენებული ერთ–ერთი საცხოვრებელი იყო.

ტარკანი და მისი კოლეგები რეგულარულად პოულობენ რელიქვიებს, ფრესკებს და გვირაბებს, რადგან მათი გათხრები გრძელდება. ახლადაღმოჩენილი ქალაქი იმდენად გრანდიოზულია, რომ შესაძლოა დაჩრდილოს კიდევაც მანამდე აღმოჩენილი მიწისქვეშა ქალაქი დერინკუიუ თურქეთში, კაბადოკიის რეგიონში.

მთელი თურქეთის ტერიტორიაზე სხვადასხვა დროს მინიმუმ 40 სხვა მიწისქვეშა ქალაქია აღმოჩენილი. თუმცა მიდიათს ვერცერთი ვერ შეედრება. ზომებში აშკარა სხვაობის გარდა, ამ ქალაქების უმრავლესობა არ მდებარეობდა ისეთი ხმაურიანი ქალაქების ქვეშ, როგორიც არის მიდიათი.

 

newsreport.ge
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share