bpn.geჩინეთმა რუსეთის გვერდის ავლით ახალი ევროპული სარკინიგზო ხაზი გახსნა, რომელიც ქსიანის საერთაშორისო მშრალ პორტს საქართველოს გავლით გერმანიის მანჰეიმთან დააკავშირებს. ქსიანი ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთ პროვინცია შენსში მდებარეობს. ინფორმაციას Railfreight ავრცელებს.
ეს ახალი მულტიმოდალური სერვისია, კვეთს როგორც კასპიის, ისე შავ ზღვას და გადის ყაზახეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, რუმინეთის, უნგრეთის, სლოვაკეთისა და ჩეხეთის ტერიტორიაზე, ხოლო რუმინეთის პორტი, კონსტანცა ევროპისკენ მთავარი კარიბჭე იქნება.
ტანსაცმლით, სპორტული ინვენტარითა და სხვა ნივთებით დატვირთული 42- კონტეინერიანი პირველი მატარებელი, რომელთა საერთო წონა 316 ტონას შეადგენდა, ქსიანიდან დასავლეთისკენ, ხორგოსის მშრალი პორტის გავლით უკვე გავიდა. ტვირთი კასპიის ზღვაზე ყაზახეთის პორტ აქტაუს ბორნით გადაიგზავნება. კასპიის ზღვის გადაკვეთის შემდეგ ის აზერბაიჯანში, ბაქოს პორტში რკინიგზაზე გადაინაცვლებს და ტრანზიტით საქართველოში, ფოთის პორტისკენ გაემგზავრება. საქართველოს შავი ზღვის პორტიდან ტვირთი ბორნით ჯერ კონსტანცას პორტში, შემდეგ კი აღმოსავლეთ ევროპის გავლით პირდაპირ გერმანის მანჰეიმში შევა. მარშრუტის მთლიანი სიგრძე 11,3 ათასი კმ-ია.
„ეს მულტიმოდალური საზღვაო-სარკინიგზო სატრანსპორტო გადაწყვეტა არის ქსიანის მშრალი პორტის ახალი მცდელობა, რომ ბაზრის მდგომარეობა როგორმე მოგვარდეს,“ – წერს პორტალი.
Railfreight-ის ცნობით, ამ ალტერნატიულ გადაწყვეტას ბევრი კომპანია ერთდროულად იკვლევს. პორტალს მაგალითისთვის ჩინეთის პროვინცია განსუს ქალაქ უვეისა და ფოთის პორტის თანამშრომლობა მოჰყავს, რომელიც მოიცავს რეგულარული სატვირთო მატარებლების მიმოსვლას იმავე მულტიმოდალურ მარშრუტზე შემდგომი გაფართოებით უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტამდე, სარკინიგზო ან შიდა გადაზიდვების გამოყენებით.
Railfreight წერს, რომ ჩინეთის სარკინიგზო კომპანია ერთადერთი არ არის, ვინც ტრანსკასპიურ მარშრუტს ანიჭებს უპირატესობას. მარტის დასაწყისში ჰოლანდიურმა სარკინიგზო ლოგისტიკის პროვაიდერმა, Rail Bridge Cargo-მ ჩაუშვა მულტიმოდალური მარშრუტი ჩინეთის ცჟენჟოუსა და გერმანიის დუისბურგ-ნეუსს შორის. სერვისის ტრანზიტის დრო 23-25 დღეს მოიცავს და გადის ყაზახეთში, ბაქოსა და ფოთზე. კომპანია ევროპაში შესასვლელად კონსტანტასთან ერთად, ბულგარეთის პორტ ვარნას იყენებს. ვარნა-კონსტანტადან ტვირთი თავის საბოლოო დანიშნულებამდე სარკინიგზო ან საავტომობილო გზით აღწევს.
აღსანიშნავია, რომ რუსეთი ამ ახალი ტრანსკასპიური სარკინიგზო მარშრუტის კრიტიკით გამოდის. გამოცემა „РЖД-Партнер“-ს ევრაზიული კავშირის სარკინიგზო სატვირთო ტრანსპორტის გაერთიანების აღმასრულებელმა დირექტორმა, სერგეი ავსეიკოვმა განუცხადა, რომ რუსეთის გვერდის ავლით ასეთი მარშრუტების გაშვება ვერანაირად იმოქმედებს რუსეთის საკონტეინერო ბაზარზე, რადგან დეკლარირებული მოცულობა რუსული საკონტეინერო ბრუნვის მოცულობას მეტად ჩამორჩება.
თუმცა რუსები პრობლემას აღიარებენ და გამოსავალსაც ეძებენ. იმაზე მსჯელობისას, თუ რა საპასუხო ქმედებები უნდა განახორციელოს რუსეთის საკონტეინერო ბაზარმა ამ პირობებში, სერგეი ავსეიკოვი დასძენს, რომ უპირველეს ყოვლისა, ლოგისტიკის აღმოსავლეთისკენ გადამისამართებით, აუცილებელია რეგიონებში სატრანსპორტო-ლოგისტიკური ცენტრების აშენება. ავსეიკოვის უწყება, ტრანსპორტის სამინისტროსა და მთავრობასთან ერთად, უკვე ამზადებს წინადადებებს უწყებრივი პროგრამის შესაცვლელად.
ამასთან, რუსეთის რკინიგზის გენერალური დირექტორის მოადგილე, ალექსეი შილო აცხადებს, რომ რუსეთის რკინიგზა ამჟამად აქტიურად იტვირთება აზერბაიჯანში, სამურის სასაზღვრო პუნქტზე რუსული სატრანზიტო ტვირთების ჩათვლით, „ასევე, აზერბაიჯანის, ირანისა და ყველა სხვა მიმართულებით, რომ ნაკლები იყოს სხვა ტვირთების გადაზიდვის შესაძლებლობა.“
„ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით, თუ რა ხდება ჩვენს ირგვლივ და ვხედავთ რუსეთის გვერდის ავლით სხვადასხვა ალტერნატიული მარშრუტების ერთგვარ აღორძინებას. ამას მოწმობს განცხადებები, რომლებიც კეთდება და ციფრებიც, რომლებსაც ჩვენ ოფიციალურად ვიღებთ. მაგალითად, წელს პირველი ორი თვის განმავლობაში, TRACECA-ს მეშვეობით თითქმის, 3000 კონტეინერი უკვე ტრანსპორტირებულია და შარშანდელზე აშკარად უფრო მეტ შედეგს მოელიან. თუ იქ ნორმალურ ლოგისტიკა შექმნეს, ასეთ ფასებში, მგონი, საკმაოდ ხელმისაწვდომი მარშრუტი იქნება, რაც ჩვენი ქვეყნის გვერდის ავლით მოცულობას დაგვაკარგვინებს,“ – აცხადებს ალექსეი შილო.