2021 წლის იანვარ-აგვისტოში გერმანიაში თავშესაფრის მიღების მსურველი საქართველოს მოქალაქეების რიცხვი გაიზარდა. გერმანიის ლტოლვილთა და მიგრანტების ფედერალური ოფისის (BAMF) სტატისტიკის მიხედვით, წელს 8 თვეში ლტოლვილის სტატუსი საქართველოს 2 163-მა მოქალაქემ მოითხოვა, რაც მთლიანი მაჩვენებლის 5%-ია. 2021 წლის იანვარ-აგვისტოში გერმანიაში თავშესაფარი ჯამში 108 375-მა უცხოელმა მოითხოვა.
მიუხედავად იმისა, რომ ამ მაჩვენებელში ქართველების წილი მცირეა, საქართველოს მოქალაქეები გერმანიაში თავშესაფრის მიღების მოთხოვნის მსურველთა ათეულში შედიან. BAMF-ის სტატისტიკით, მხოლოდ 2021 წლის აგვისტოში გერმანიაში თავშესაფარი საქართველოს 353-მა მოქალაქემ მოითხოვა, ჯამში წელს 2 163-მა. 2020 წლის ინვარ-აგვისტოში კი ფედერაციულ რესპუბლიკაში ლტოლვილის სტატუსზე განაცხადი საქართველოს 1 811-მა მოქალაქემ დაწერა.
ამასთან, 2021 წლის აგვისტოში გერმანიაში თავშესაფარი 11 847-მა უცხოელმა მოითხოვა, აქედან ყველაზე მეტი 3 909 იყო სირიის მოქალაქე; 2 266 – ავღანეთის მოქალაქე; 913 ერაყის მოქალაქე. ათეულში საქართველოსთან ერთად შედიან – თურქეთის, მოლდოვას, სომალის და ა.შ. მოქალაქეები.
ცნობისათვის, EUobserver-ის მიერ გუშინ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ევროკავშირი ზოგიერთ ქვეყანასთან, მათ შორის, მოლდოვასთან და საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე დისკუსიების გამართვას ითხოვს. გამოცემა წერს, რომ ამის მიზეზი ამ ქვეყნების მოქალაქეების მხრიდან არალეგალური ბინადრობა და თავშესაფრის უსაფუძვლო მოთხოვნებია. ამ ფაქტით კი განსაკუთრებით აღშფოთებული გერმანიაა. ამასთან EUobserver-ის ინფორმაციით, საქართველოსა და ალბანეთის მიმართ უკმაყოფილებას გამოხატავს საფრანგეთი. ჩეხეთის რესპუბლიკა კი აცხადებს, რომ თავშესაფრის უსაფუძვლო მოთხოვნის მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის მოქალაქეების მხრიდან.
გუშინვე აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა და EUobserver-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას „ფეიკ ნიუსი“ უწოდა. „დღეს, როდესაც აქ [კიშინიოვში] ჩამოვედი, ამ შეტყობინების წაკითხვა ჩემთვისაც ისეთივე მოულოდნელი იყო, როგორც თქვენთვის. აღნიშნულის შესახებ ბერლინსა და შინაგან საქმეთა ფედერალურ სამინისტროში მოვიკითხე და აღმოვაჩინე, რომ ეს არ იყო ნამდვილი სიახლე. ეს უბრალოდ ყალბი ამბებია“, – აღნიშნა გერმანიის პრეზიდენტმა, რომლის თარგმანსაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ცნობისათვის, ვროკავშირმა მონტენეგროსთვის, სერბეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიისთვის უვიზო რეჟიმი 2009 წელს დააწესა, 2010 წელს ამ სიას დაემატა ალბანეთი და ბოსნია და ჰერცოგოვინა; მოგვიანებით, 2014 წელს, ევროკავშირმა დაამტკიცა უვიზო მიმოსვლა მოლდოვის, ხოლო 2017 წელს საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებისთვის.
bpn.ge