შეესაბამებოდა თუ არა კანონმდებლობას რეზინის ტყვიების გამოყენება? – ევროსასამართლოს კითხვები სახელმწიფოს

ევროპულმა სასამართლომ 20-21 ივნისს დაზარალებული დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების საქმეების არსებითი განხილვა დაიწყო.

გარდა უფლებების დარღვევის შესახებ კითხვებისა, ევროპულმა სასამართლომ დააკმაყოფილა “საიას” მოთხოვნა და საქართველოს მთავრობას დაავალა წარმოადგინოს 2019 წლის 20-21 ივნისს აქციის დაშლასთან დაკავშირებით პროკურატურის მიერ წარმოებული სისხლის სამართლის საქმის მასალები.

სასამართლოს მიერ სახელმწიფოსათვის დასმული შეკითხვები:

  • მომჩივნების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, დაექვემდებარნენ თუ არა მომჩივნები პოლიციის მხრიდან არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას 20-21 ივნისის აქციის დაშლის დროს? რეზინის ტყვიების გამოყენება შეესაბამებოდა თუ არა კანონმდებლობას? შეესაბამებოდა თუ არა ეროვნული კანონმდებლობის საფუძველზე მიღებული ზომები ევროპული კონვენციის მე-3 მუხლს?
  • ჩაატარეს თუ არა საგამოძიებო ორგანოებმა ეფექტიანი გამოძიება მომჩივნების მიმართ აქციის დაშლის დროს ჩადენილ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე, ისე, როგორც ამას მოითხოვს კონვენციის მე-3 მუხლი?  რა ეტაპზეა ამჟამად გამოძიება? მიეცათ თუ არა მომჩივნებს შესაძლებლობა ეფექტიანი მონაწილეობა მიეღოთ გამოძიების პროცესში?
  • მომჩივნების პოზიციის გათვალისწინებით, რომ მათ მიმართ პოლიცია იყენებდა ძალას, როდესაც ისინი, როგორც ჟურნალისტები, აშუქებდნენ მიმდინარე მოვლენებს, მოხდა თუ არა სახელმწიფოს მხრიდან  ევროპული კონვენციის მე-10 (1) მუხლით გათვალისწინებულ გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა? თუ იყო ამგვარი ჩარევა, იყო თუ არა ეს კანონიერი და „აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში“ კონვენციის მე-10 (2) მუხლის მიზნებისთვის?
  • მოხდა თუ არა მომჩივნების ევროპული კონვენციის მე-11 (1) მუხლით გათვალისწინებულ შეკრების თავისუფლებაში ჩარევა? თუ ჩარევას ჰქონდა ადგილი, იყო თუ არა ეს გათვალისწინებული კანონით და „აუცილებელი დემოკრატიული საზოგადოებაში“ კონვენციის მე-11 (2) მუხლის მიზნებისთვის?
  • ჰქონდათ თუ არა მომჩივნებს შესაძლებლობა, ესარგებლათ შიდა სამართლებრივი დაცვის საშუალებებით ევროპული კონვენციის მე-3, მე-10 და მე-11 მუხლებთან მიმართებით, როგორც ამას მოითხოვს ევროპული კონვენციის მე-13 მუხლი?

საია კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ იმ ფონზე როცა ამ საქმის განხილვა მიმდინარეობს, დაუშვებელია 20 ივნისის  თემაზე ამნისტიის/შეწყალების გამოყენება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share