კომპანია “ბორჯომმა” 49 თანამშრომელი გაათავისუფლა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ კომპანიას აღარ აქვს ქარხანაში მოცდენილი საათების 100%-ით ანაზღაურების შესაძლებლობა.
იხილეთ განცხადება:
“მოგეხსენებათ, ჩვენი კომპანია დღეს დგას უდიდესი გამოწვევის წინაშე. ყველაფერს ვაკეთებთ, რათა პირველ რიგში გადავარჩინოთ კომპანია და მაქსიმალურად შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები.
შექმნილ ვითარებაში იძულებული გავხდით ცვლილება შეგვეტანა, დასაქმებულთა ხელშეკრულებებში, რადგან კომპანიას აღარ აქვს ქარხანაში მოცდენილი საათების 100%-ით ანაზღაურების შესაძლებლობა. სწორედ ამიტომ შევთავაზეთ თანამშრომლებს განახლებული პირობები (რაც გულისხმობს, მოცდენილი საათების 50%-ით ანაზღაურებას – ნამუშევარი საათების ანაზღაურება რჩება უცვლელი), რაც სამწუხაროდ თანამშრომელთა მცირე ნაწილისთვის მისაღები არ აღმოჩნდა, რის გამოც იძულებული გავხდით, ქარხანაში დაგვეწყო რეორგანიზაციის პროცესი და 49 თანამშრომლისთვის კანონმდებლობის საფუძველზე შეგვეწყვიტა ხელშეკრულებები.
გვინდა, მადლობა გადავუხადოთ თანამშრომელთა იმ დიდ ნაწილს, რომელიც გაგებით ეკიდება არსებულ ვითარებას და ვიტოვებთ იმედს, რომ შემდგომი შემცირებების განხორციელება აღარ მოგვიწევს”.
ცნობისთვის, 29 აპრილს კომპანია “IDS ბორჯომი საქართველომ” განაცხადა, რომ დროებით აჩერებს ბორჯომის ჩამომსხმელ ორივე ქარხანაში წარმოების პროცესს. მიზეზად ომი და მიმდინარე სანქციები დასახელდა. 2013 წლიდან IDS Borjomi-ის საკონტროლო პაკეტის დიდი ნაწილს რუსეთის ერთ-ერთი კერძო საინვესტიციო ჰოლდინგი “ალფა ჯგუფი” ფლობს.