“გურულები ყველაზე კარგები ვართ, სტუმართმოყვარენი; ხან სწრაფები ვართ, ხან – მოუსვენრები, ჩემსავით. ახლა მე რომ ვლაპარაკობ, გავდივარ და გამოვდივარ, შემოვივლი წრეს, მერე – ისევ… მიხარია, რომ მთელი საქართველო მიცნობს“.
ტელეეკრანის დამსახურებით 9 წლის ლუკა შუბითიძე მთელმა საქართველომ გაიცნო. ის დღეს ცნობილი და ყველაზე საყვარელი გურულია. გთავაზობთ ლუკას ინტერვიუს “კვირის პალიტრასთან” :
– როგორ ხარ, ლუკა?
– სად გაიჭერი ფეხი?
– ლურსმანზე, წინ არ ვიხედებოდი და…
– იტირე?
– არა, ცოტაზე მეტკინა და ვიკივლე. გურულებმა კივილი უფრო ვიცით… გურულებს კიდევ ნატვრის ხე გვაქვს.
– როგორია?
– როგორია და, ნაჭერს მოაბამ, ჩეიფიქრებ სურვილს და აგისრულდება. ახლა სპეციალურად უნდა ვთხოვო, რომ ომი დასრულდეს და კარგად ვიყოთ ყველა.
– რა იცი ომზე, მომიყევი…
– რა ვიცი და ომი დაიწყო პუტინმა. ის რუსეთის პრეზიდენტია. მე ნაყურები მაქვს ტელევიზორში, აქცია რომ იმართებოდა და უკრაინის დროშას აფრიალებდნენ ლამაზად. ტელევიზორში აცხადებენ, რომ ვლადიმირ პუტინმა 220 ბავშვი მოკლა უკრაინაში. კიდევ რამდენია დამალული მიწის ქვეშ, რამდენი – თავშესაფარში, ვინ დათვლის…
– შენ რომ გისმენდეს პუტინი, რას ეტყოდი?
– რას ვეტყოდი და რაზე დეიწყე ომი, რა გინდოდა-თქო?!
– მაგას სხვებიც ეუბნებიან…
– მე ისეთნაირად ვეტყოდი, რომე… მაგრამ რუსული არ ვიცი…
– თარჯიმანი რისთვის ჰყავს? შენ უთხარი და გადაუთარგმნიან…
– პირდაპირ ასე ვეტყოდი, ეს მწვანე ქალაქები შავად რომ აქციე, ნამეტანი ხომ არ მოგდის-თქო!
– საქართველოს რომელი კუთხეები იცი?
– თბილისი, ხაშური, სამეგრელო, ბათუმი, ქუთაისი, მცხეთა, გურია… მე ყველაზე მეტად გურია მიყვარს, იმიტომ, რომე აქ გევიზარდე. გურულები ყველაზე კარგები ვართ, სტუმართმოყვარენი; ხან სწრაფები ვართ, ხან – მოუსვენრები, ჩემსავით. ახლა მე რომ ვლაპარაკობ, გავდივარ და გამოვდივარ, შემოვივლი წრეს, მერე – ისევ…
– პოპულარობა კარგი ყოფილა?
– კი, იმდენი სელფები გადავიღე… იცი, რას გეტყვი? ნანუკა ჟორჟოლიანი მიყვარს. მან გამომიყვანა ტელევიზორში. ახლა ვარ დილის გადაცემის წამყვანი. მიხარია, რომ მიცნობს მთელი საქართველო.
– რომ გაიზრდები, ვინ უნდა გამოხვიდე?
– ჟურნალისტი უკვე ვარ ცოტათი, სიმღერაშიც ვვარჯიშობ ჩემით… კიდევ ამ ბოლო დროს ისე ვურჩევ ტანსაცმელს დედაჩემს, ბებიაჩემს, ბიცოლაჩემს, მგონი, კარგი დიზაინერი გამოვალ… მეგობარი მყავს, ნათია ქავჟარაძე, 43 წლისაა, კვირას ბაზარში ტანსაცმელს ყიდის. გასაყიდ ტანსაცმელს რომ შევხედავ, სულ ვეუბნები, ეს შენ მოგიხდება-მეთქი; ეს ჩაიცვი ჩემს ოქროს დაბადების დღეზე; ეს ქენი, ის ქენი-მეთქი… მიჯერებს, ჩემს გემოვნებას ენდობა.
– ბაზარში ფასები როგორია?
– ცეცხლის ფასი აქვს ყველაფერს! ყველი რატომ უნდა ღირდეს 13 ლარი?! ერთი ცალი კვერცხი რატომ უნდა ღირდეს 60 თეთრი?! ბანანში ადრე სამ ლარს ვიხდიდით, ახლა ხუთი გადავიხადეთ.
– არ გიფიქრია, პოლიტიკოსი რომ გამოხვიდე და ქვეყნის ბედი რომ გადაწყვიტო? მაგალითად, ფინანსთა მინისტრი გახდე და ფასები დაარეგულირო…
– იცი, მაგაზე არასდროს მიოცნებია და მოდი, ეგ თემა დავხუროთ ერთხელ და სამუდამოდ.
ვაიმე, ახალი ამბავი უნდა გითხრა! მასწავლებელი მითხოვდება, დამრიგებელი… 35 წლისაა… სიძეს მალხაზი ჰქვია, მასწავლებელს – გვანცა.
– საიდან გაიგე, რომ თხოვდება?
– მოსაწვევებს ამზადებდა… მე ვუთხარი, რომ თხოვდები, ფული დაგჭირდება-თქო: იქით – შილაკები, აქეთ – კაბა და ფეხსაცმელი, იქით – თმის გაკეთება, ტორტი… მაგი პატარა საქმე კი არაა-თქო! – პირდაპირ ასე ვუთხარი…
– მერე რა გითხრა?
– დეესხა თავბრუ…
– შენი აზრით, დაგპატიჟებს ქორწილში?
– დამპატიჟებს, აბა რას იზამს.
– ყველაზე ძალიან ვინ გიყვარს?
– დედიკო არის ჩემი ცხოვრება!
თამთა გიორგაძე, ლუკას დედა: – ლუკას ტყუპისცალი და ჰყავს. ლუკას თავიდან ფილტვის შეშუპება ჰქონდა. ერთი თვე იყო კლინიკაში და გვითხრეს, თუ გადარჩებოდა, დეფექტიანი იქნებოდა, მაგრამ უფლის წყალობით ყველაფერი კარგად დასრულდა. იმის შემდეგ მოვდივართ ერთად მე და ჩემი სამი შვილი. ლუკას და მის დას 11 წლის ძმა ჰყავთ. ცხრა წელია, მეუღლეს გაშორებული ვარ… წამოვედი გურიაში, სახლში, სადაც დავიბადე და გავიზარდე. ახლა სახლში ვცხოვრობთ მე, დედა – მას ახლახან ინსულტი მოუვიდა, მამა, რომელსაც დიაბეტი აქვს, ჩემი ძმა – მას ხელი აქვს გაფუჭებული, რის შედეგადაც მუშაობას ვერ ახერხებს, ჩემი რძალი, ძმისშვილები, ბებია, რომელსაც გულის არითმია აქვს. სულ თერთმეტნი ვართ. ქუთაისში სასტუმროში დიასახლისად ვმუშაობ. ფინანსური მდგომარეობის გამო იძულებული გავხდი, აქეთ წამოვსულიყავი. მესამე დღეა, ჩემი შვილები არ მინახავს, არადა მინდა, ვიძინებდე და ვიღვიძებდე შვილებთან ერთად, მიმყავდეს დილაობით სკოლაში…
– ბავშვებს აქვთ მამასთან ურთიერთობა?
– წინათ უფრო ხშირად ლაპარაკობდნენ ტელეფონით, ნახვით კი სულ რამდენჯერმე ჰყავთ ნანახი. სამაგიეროდ, ჰყავთ არაჩვეულებრივი ბებია და ბაბუა (მამის მხრიდან), რომლებიც შეძლებისდაგვარად ეხმარებიან შვილიშვილებს.
– რაზე ოცნებობთ?
– ვოცნებობ, რომ ჩემი შვილები ჩამოყალიბდნენ კარგ ადამიანებად. მინდა ბედნიერებს ვუყურო, მინდა, რომ სიბერე მქონდეს ბედნიერი… მეტი არაფერი მინდა…
კვირი პალიტრა