2022 წლის ბოლოდან ყველა ტიპის თამბაქოს კოლოფი ერთნაირი იქნება

(ტაბულა) “თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონის მე-6 მუხლის ქვეპუნქტები, რომელიც თამბაქოს ნაწარმის შეფუთვასა და დიზაინს ეხება, 2022 წლის 31 დეკემბრიდან ამოქმედდება, რაც გულისხმობს თამბაქოს ნაწარმისა და მისი შეფუთვის სტანდარტიზების წესის დამკვიდრებას, რომლის მიზანია:

ა) თამბაქოს ნაწარმის მიმზიდველობის შემცირება;

ბ) სამედიცინო გაფრთხილების ეფექტიანობისა და თვალსაჩინოების გაზრდა;

გ) თამბაქოს ნაწარმის შეფუთვით თამბაქოს ნაწარმის ან მისი მოხმარების თაობაზე მომხმარებლის შეცდომაში შეყვანის შესაძლებლობის შემცირება.

ამისათვის ყველა ტიპის თამბაქოს კოლოფი იქნება ერთფეროვანი და აკრძალული იქნება ბრენდის, ლოგოს, სასაქონლო ნიშნის ან მისი აღმნიშვნელი სხვა ელემენტის გამოყენება.

კოლოფზე დატანილი იქნება ბრენდების სახელები ერთნაირი, სტანდარტული შრიფტით, რათა როგორც გამყიდველს, ისე მომხმარებელს პროდუქტის იდენტიფიცირება არ გაუჭირდეს. ამასთან ერთად მითითებული უნდა იყოს მწარმოებელი ქვეყანაც. ვრცლად იხილეთ:

9. ამ კანონით და საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტით განისაზღვრება თამბაქოს ნაწარმის (გარდა ამ კანონის მე-3 მუხლის „ა.ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თამბაქოს ნაწარმისა) და მისი შეფუთვის სტანდარტიზების წესი, რომლის მიზანია:

ა) თამბაქოს ნაწარმის მიმზიდველობის შემცირება;

ბ) სამედიცინო გაფრთხილების ეფექტიანობისა და თვალსაჩინოების გაზრდა;

გ) თამბაქოს ნაწარმის შეფუთვით თამბაქოს ნაწარმის ან მისი მოხმარების თაობაზე მომხმარებლის შეცდომაში შეყვანის შესაძლებლობის შემცირება.

10. აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის (გარდა ამ კანონის მე-3 მუხლის „ა.ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თამბაქოს ნაწარმისა) შეფუთვაზე (კოლოფი, ბლოკი, კონტეინერი და სხვა) და თითოეულ ღერზე ბრენდის, ლოგოს, სასაქონლო ნიშნის ან მისი აღმნიშვნელი სხვა ელემენტის გამოყენება. თამბაქოს ნაწარმის (გარდა ამ კანონის მე-3 მუხლის „ა.ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თამბაქოს ნაწარმისა) შეფუთვაზე (კოლოფი, ბლოკი, კონტეინერი და სხვა) ნებისმიერი წარწერა შესრულებული უნდა იყოს ერთიანი, უნიფიცირებული შრიფტით, საქართველოს სახელმწიფო ენაზე და მითითებული უნდა იყოს მწარმოებელი ქვეყანა. ამასთანავე, აკრძალულია ფილტრიან სიგარეტზე, უფილტრო სიგარეტზე, პაპიროსზე, სიგარასა და სიგარილაზე რაიმე სახის წარწერის დატანა.

11. საქართველოს მთავრობა ნორმატიული აქტით იღებს გადაწყვეტილებას თამბაქოს ნაწარმის (გარდა ამ კანონის მე-3 მუხლის „ა.ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თამბაქოს ნაწარმისა) შემდეგი მახასიათებლების ან/და ელემენტების დაშვების (გამოყენების), აკრძალვის ან მათ მიმართ რაიმე სახის მოთხოვნების განსაზღვრის თაობაზე:

ა) თამბაქოს ნაწარმის ან მისი შეფუთვის ფერი, ზომა და ფორმა;

ბ) თამბაქოს ნაწარმის შეფუთვის მასალა და ფაქტურა;

გ) თამბაქოს ნაწარმის შეფუთვის გახსნის სახე;

დ) თამბაქოს ნაწარმის გარსი და შიგთავსი;

ე) თამბაქოს ნაწარმსა და მის შეფუთვაზე გარკვეული სიტყვები ან ნიშნები (მათ შორის, გარკვეული სახის ბრენდის, ლოგოს ან სავაჭრო ნიშანი);

ვ) სიტყვები ან ნიშნები, რომელთა თამბაქოს ნაწარმზე ან მის შეფუთვაზე დატანაც დაშვებულია;

ზ) თამბაქოს ნაწარმის და მისი შეფუთვის განმასხვავებელი მახასიათებლები, მათ შორის, თამბაქოს ნაწარმის და მისი შეფუთვის იერსახის ან შინაარსის შეცვლისკენ მიმართული მახასიათებლები, თამბაქოს ნაწარმის გაყიდვის შემდეგ ხმის გამოსაცემად ან სურნელის გამოსაფრქვევად;

თ) თამბაქოს ნაწარმის შეფუთვაში მოთავსებული ან გამოყენებული საგანი ან მასალა, რომელიც არ არის ამ შეფუთვის განუყოფელი ან აუცილებელი ნაწილი;

ი) თამბაქოს ნაწარმზე ან მის შეფუთვაზე მიმაგრებული საგანი, გარდა სავალდებულო აქციზური მარკისა და ამ მუხლით განსაზღვრული სამედიცინო გაფრთხილებისა;

კ) თამბაქოს ნაწარმის წონის განმსაზღვრელი, რომელიც შეიძლება მოთავსებული იყოს თამბაქოს ნაწარმის შეფუთვაში;

ლ) თამბაქოს ნაწარმის ისეთი მახასიათებელი ან ელემენტი, რომელიც გამოიწვევს ამ ნაწარმისთვის დამახასიათებელი გემოს მიცემას.

12. თამბაქოს ნაწარმის (გარდა ამ კანონის მე-3 მუხლის „ა.ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თამბაქოს ნაწარმისა) შეფუთვაზე ბრენდის ან ვარიანტის სახელის გამოსახვა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტის შესაბამისად. საქართველოს მთავრობის აღნიშნული ნორმატიული აქტით შესაძლებელია განისაზღვროს:

ა) ბრენდის ან ვარიანტის სახელის სიგრძის ლიმიტი;

ბ) ბრენდის ან ვარიანტის სახელში იმ სიტყვებისა და ფერების გამოყენების აკრძალვა, რომლებმაც შეიძლება შეცდომაში შეიყვანოს მომხმარებელი თამბაქოს ნაწარმის მახასიათებლების, ჯანმრთელობაზე ზეგავლენის, რისკის ან გამოფრქვეული ნივთიერებების შესახებ, ან იმის თაობაზე, რომ თითქოს თამბაქოს ეს ნაწარმი სხვა ნაწარმთან შედარებით ნაკლებად მავნებელია ან მასზე უკეთესია, რადგან ნატურალური ან ორგანულია, ან სასარგებლოა ცხოვრების ჯანსაღი წესისთვის;

გ) ისეთი სიტყვების ან ფრაზების გამოყენება, რომლებიც გამიზნულია მომხმარებლის ეკონომიკური წახალისებისთვის;

დ) მოთხოვნები სიტყვების ან ნიშნების გამოსახვის წესის შესახებ, მათ შორის, მანერა და გარემოებები, რომლითაც და რომლებშიც ეს სიტყვები ან ნიშნები გამოისახება, შესაბამისი შრიფტის სახე, ზომა და ტიპი, აგრეთვე თამბაქოს ნაწარმის შეფუთვაზე სიტყვების მდებარეობა და ორიენტაცია.

13. ამ მუხლის მე-9–მე-12 პუნქტების შესაბამისად მიღებული ნორმატიული აქტები არ უნდა ახდენდეს გავლენას პირის ინტელექტუალური საკუთრების უფლებაზე – დაარეგისტრიროს, ფლობდეს და განკარგავდეს სავაჭრო ნიშანს და საავტორო უფლებას.  (ამოქმედდეს 2022 წლის 31 დეკემბრიდან )” – ვკითხულობთ კანონპროექტში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share