უკრაინული მედიის ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა ტყვედ აიყვანეს მარიანა ვიშემირსკაია, ახალგაზრდა დედა, რომლის ფოტოც მარიუპოლში სამშობიაროს დაბომბვის შემდეგ გავრცელდა. ინფორმაციას გამოცემა Обозреватель-ი მოხალისეებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მოხალისეების თქმით, ისინი ცდილობდნენ, ქალი ახალშობილთან ერთად უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გაეყვანათ, მაგრამ ეს ვერ მოახერხეს.
“ჩვენ მოგვმართეს მისმა ახლობლებმა თხოვნით, დავხმარებოდით უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლაში, რადგან რუსები გეგმავდნენ მის გამოყენებას პროპაგანდისტული მიზნებით. არ გამოვიდა, გაითვალისწინეთ, რომ ის ბავშვთან ერთად ტყვედ არის”. – ციტირებს გამოცემა მოხალისეებს.
მანამდე, 2 აპრილის კრემლისტურმა მედიებმა გამოაქვეყნეს ინტერვიუ მარიანა ვიშემირსკაიასთან. გამოცემა Mediazona აღნიშნავს, რომ ვიდეო უკრაინაში რუსეთის შეჭრის მხარდამჭერმა არხებმა გაავრცელეს. გამოცემები ვიშემირსკაიას ინტერვიუს რუსეთის ხელისუფლების იმ ვერსიის გასამყარებლად იყენებენ, რომ მარიუპოლის სამშობიაროზე “შეტევა განახორციელეს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა” და “უკრაინელმა ბოევიკებმა”, თავად ვიშემირსკაია ამას გამოქვეყნებულ ვიდეოში არ ამბობს.