ფეხბურთის ბრაზილიელი ლეგენდა, პელე ვლადიმერ პუტინს მოუწოდებს, შეაჩეროს თავდასხმა უკრაინაზე. პელე Instagram-ზე გამოქვეყნებულ წერილში წერს, რომ არანაირი გამართლება არ აქვს ომს და ძალადობა უნდა შეწყდეს, მისი შეჩერება კი მხოლოდ პუტინს შეუძლია.
„ეს არის გაუმართლებელი, სასტიკი კონფლიქტი, რომელსაც მხოლოდ ტკივილი, შიში, ტერორი და ტანჯვა მოაქვს. არ არსებობს არც ერთი მიზეზი მისი გაგრძელების კიდევ უფრო მეტ ხანს.
როდესაც ჩვენ წარსულში შევხვდით და გავცვალეთ ღიმილი ხანგრძლივი ხელის ჩამორთმევის დროს, ვერ ვიფიქრებდი, რომ ერთ დღესაც ჩვენ შორის ისეთი უფსკრული იქნებოდა, როგორიც დღესაა.
ომები მხოლოდ იმისთვის არსებობს, რომ ერები გაყოს. არ არსებობს ისეთი იდეოლოგია, რომელსაც შეუძლია გაამართლოს რაკეტები, რომლებიც ბავშვების ოცნებებს მარხავს, ანადგურებს ოჯახებს და ხოცავს უდანაშაულო ადამიანებს.
მე რვა დეკადის განმავლობაში ვიცხოვრე და შევესწარი ომებს, მინახავს და მსმენია სიძულვილის ენა, სისასტიკის წახალისება, რომლებსაც უხერხემლო ლიდერები თავიანთი ქვეყნების უსაფრთხოებით ამართლებდნენ. ჩვენ უნდა შევაჩეროთ ეს და წავიდეთ წინ.
დიდი ხნის წინ მე დავპირდი თავს, რომ ყოველთვის ავიმაღლებდი ხმას მშვიდობისთვის.
ამ კონფლიქტის შეჩერების ძალაუფლება მხოლოდ თქვენს ხელშია, მასში, რომელიც ჩამოგართვით მოსკოვში სტუმრობისას 2017 წელს“, – წერს პელე მიმართვაში, რომელიც გუშინ უკრაინისა და შოტლანდიის მატჩის წინ გამოაქვეყნა.
მიუხედავად ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობისა, უკრაინამ შოტლანდია ანგარიშით 3-1 დაამარცხა და თუკი მოდმევნო ეტაპზე უელსთანაც გაიმარჯვებს, მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვდება.
რუსეთის ნაკრები კი FIFA-მ უკრაინაში რუსული არმიის შეჭრის შემდეგ ტურნირიდან მოკვეთა.
publika.ge