უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთი უკრაინაში აფეთქებული და განადგურებული ეკლესიების, სკოლებისა და მემორიალების გამო იუნესკოს წევრი აღარ უნდა იყოს. პრეზიდენტმა რუსეთის ორგანიზაციიდან გარიცხვაზე მაშინ ისაუბრა, როცა სვიატოჰირსკის ლავრაში გაჩენილ ხანძარს გამოეხმაურა.
“უკრაინაში რუსეთის მიერ დამწვარი ყველა ეკლესია, აფეთქებული ყველა სკოლა, დანგრეული მემორიალი ადასტურებს, რომ რუსეთის ადგილი იუნესკოში არ არის. რაზე შეიძლება ვისაუბროთ ბარბაროსულ, ტერორისტულ სახელმწიფოსთან?”. – წერს უკრაინის პრეზიდენტი.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ 31 მაისს რუსეთის გარიცხვის მოთხოვნით უმაღლესმა რადამ მიმართა იუნესკოს. ზელენსკის განმარტებით, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე მეტი ძეგლი, კულტურული და სოციალური სივრცე რუსეთმა გაუნადგურა.
“ველით ლოგიკურ და სამართლიან პასუხს გაეროსა და იუნესკოსგან. ეს არის გაერო, რომლის წესდება ალიანსს ტერორისტებთან არ ითვალისწინებს. რუსეთის იზოლაცია უნდა იყოს სრული, მან დანაშაულებზე პასუხი უნდა აგოს”. – ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი.
დონეცკის ოლქში რუსულმა სამხედრო ძალებმა სვიატოჰირსკის ყოვლადწმინდის ლავრა დაბომბეს. ტაძრის მთავარ სალოცავს ცეცხლი უკიდია. ეუთოს უკრაინული მისიის ცნობით, მონასტერი რუსეთის საპატრიარქოს დაქვემდებარებაშია.