გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროს ზურაბ ჩეკურაშვილთან ერთად, გურიისა და სამეგრელოს რეგიონებში იმყოფებოდა. ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, რეგიონების სახელმწიფო რწმუნებულებთან და მუნიციპალიტეტების მერებთან შეხვედრებზე, თხილის სექტორში არსებული ვითარება და გამოწვევები განიხილეს, მეთხილე ფერმერებს შეხვდნენ და თხილის ბაღები დაათვალიერეს.
„სისტემური მიდგომა, რომელიც სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და თხილის მწარმოებელთა ასოციაციის მიერ ხორციელდება და რომელშიც ფერმერები აქტიურად არიან ჩართული, წარმატებულია. ჩვენ თხილის წარმოების ზრდის სტიმულირებას ერთობლივად ვახდენთ და ყოველდღიურად ვხედავთ, რომ ფერმერები რეკომენდაციების გათვალისწინებით თხილის ბაღებს უვლიან, რაც იმის წინაპირობაა, რომ მაღალი ხარისხის უხვ მოსავალს მივიღებთ“, – განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.
გიორგი ხანიშვილმა და ზურაბ ჩეკურაშვილმა გურიისა და სამეგრელოს რეგიონებში მშენებარე ახალი საშრობი და საწყობი ცენტრები დაათვალიერეს, სადაც თხილის მოსავლის პირველადი დამუშავება, გარჩევა, შრობა, ლაბორატორიული ანალიზი და დასაწყობება მოხდება.