საბაზრო კაპიტალიზაციით უმსხვილესი კრიტპოვალუტა Bitcoin-ი გაუფასურებას განაგრძობს – ამჯერად ვალუტის ფასი ერთგვარ ფსიქოლოგიურ ნიშნულს, 20 000 დოლარს ჩამოსცდა. ბოლო 24 საათში ვალუტა კიდევ 10%-ით გაუფასურდა და მისი ღირებულება 19 000-ს დოლარს ქვემოთაც კი იყო, რაც 2020 წლის დეკემბრის შემდეგ პირველად მოხდა.
Bitcoin-თან ერთად უფასურდება სხვა ვალუტებიც, მაგალითად, მეორე უმსხვილესი კრიპტოვალუტა Ethereum-ი 24 საათის განმავლობაში 10%-ითაა გაუფასურებული და 1 000 დოლარიან ზღვარს ქვემოთაა.
თვეებია, კრიპტოვალუტების ფასი იკლებს. მაისში სტეიბლკოინი TerraUSD ჩამოიშალა, რამდენიმე დღის წინ კი სავაჭრო პლატფორმა Binance-მა ბიტკოინის ტრანზაქციები დროებით შეაჩერა, ისევე, როგორც ერთ-ერთმა ყველაზე მსხვილმა კრიპტო კრედიტორმა, Celsius-მა.
ქვეყნები რეცესიის მოლოდინში არიან, ინფლაცია და შესაბამისად, საპროცენტო განაკვეთები რეკორდულად იზრდება, წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიების აქციების ფასები ეცემა და ეს ყველაფერი კრიპტოინდუსტრიაზეც მტკივნეულად აისახება.
ცნობისთვის, 2021 წლის ნოემბერში Bitcoin-ის ფასმა თითქმის 68 000 დოლარს მიაღწია, მას შემდეგ კი კრიპტოვალუტის ფასი მცირდება. ნოემბრის პიკთან შედარებით, დღეს Bitcoin თითქმის 70%-ითაა გაუფასურებული. საერთო ჯამში, კრიპტოვალუტების საბაზრო კაპიტალიზიაცია 3 ტრილიონიდან 835 მილიარდამდეა შემცირებული.