საფრანგეთის სახელმწიფო მდივანი ევროპულ საკითხებში, კლემენტ ბონი ამბობს, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინჭებისთვის, საქართველოში საჭიროა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება.
უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ბონმა ევროპარლამენტის სესიაზე ისაუბრა.
”მომდევნო რამდენიმე დღეში, საბჭო იმსჯელებს და მიიღებს გადაწყვეტილებას შემდეგ ნაბიჯებზე. მე მჯერა და ვიმედოვნებ, რომ ჩვენ გვექნება კონსესუსი შეთანხმებაზე, რომლითაც ევროკომისია სიგნალს გაგზავნის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. ეს არ უნდა აგვერიოს დაუყოვნებლივ წევრობაში.
არსებობს განსხვავებული მოსაზრებები, ვფიქრობ მთავარია ვიყოთ სწრაფები, მაგრამ მომთხოვნები. საქართველომ გამოხატა მკაფიო სურვილი ევროპული პერსპექტივისა, ვფიქრობ, არის სხვადასხვა ქმედება, რომელთა განხორციელება საჭიროა, მაგალითად, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება”, – თქვა ბონმა.
17 ივნისს, ევროკომისიამ უკრაინისა და მოლდოვასთვის სტატუსისმინიჭებაზე რეკომენდაცია გასცა. საქართველოსთვის კი წინასწარი პირობები მოითხოვა. სამი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე ევროპული საბჭო 24 ივნისს იმსჯელებს და საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.