ქართული კონცერტი სიქსტეს კაპელაში – ისტორიული დღე თუ ისტორიული დღის უგულვებელყოფა
„უნიჭო და უვიცმა საქართველომ ვერ გაიგო, რა მოხდა სიქსტეს კაპელაში – არც ქართული საგალობლები იციან, არც ხალხური სიმღერები! არც მიქელანჯელო გაუგიათ და არც ღმერთი! მხოლოდ მიტინგები იციან და 20 ლარი! ვაშა კრეტინებს!“ – ეს უმწვავესი კრიტიკა სოციალურ ქსელში ცნობილმა ქართველმა რეჟისორმა – რობერტ სტურუამ გამოაქვეყნა, რომელსაც მოჰყვა ასევე მწვავე და – მხარდამჭერი კომენტარებიც…
ვატიკანის სიქსტეს კაპელამ სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდის კონცერტს უმასპინძლა, სადაც ძველი ქართული პოლიფონია და ახალი ქართული საგუნდო მუსიკა შესრულდა… 26 ივნისს გამართული 2-საათიანი კონცერტის დროს, გუნდმა, რომელსაც სხვა ქართველი მომღერლებიც შეუერთდნენ, დაახლოებით, 20-მდე სიმღერა შეასრულა, მათ შორის – „კირიე ელეისონ“, „შენ ხარ ვენახი“, „ჩაკრულო“ და გია ყანჩელის მინიატურები. კონცერტის დასასრულისკენ საქართველოს საპატრიარქო გუნდმა, სიქსტეს კაპელის გუნდთან ერთად, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია II- ის მიერ დაწერილი “ავე მარია” შეასრულა… ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი და კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი, ასევე, ვატიკანში აკრედიტირებული უცხოელი დიპლომატები დაესწრნენ…
კონცერტის მნიშვნელობაზე კომენტარი საზოგადოებისთვის ცნობილმა ადამიანებმა ”კვირის პალიტრასთან” გააკეთეა:
დათო ევგენიძე, მუსიკოსი:
– ძალიან სასაცილოა… კრიტიკა საიდან იყო, ამასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩემგან დაწერეთ, რომ კრიტიკულ კომენტარებზე პასუხიც არ მაქვს, ვერც ვბრაზდები, – მეცინება. არ მგონია, მათ ჩემზე კარგად ესმოდეთ მუსიკა… კონსერვატორიაში როცა ვსწავლობდი, მსოფლიოს ხალხურ მუსიკას გავდიოდი და ჩვენს ვოკალურ მუსიკას საერთოდ ბადალი არ აქვს მთელ მსოფლიოში! საქართველოს გამარჯვება რომ არ უხარიათ ადამიანებს, ეგ ჩემთვის ძალიან უცნაურია!
მე ვიტყოდი, რომ ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღეა საქართველოს ისტორიაში. საოცარი მუსიკოსები იყვნენ, რომლებმაც საოცარი ქართული კულტურა, ხალხური სიმღერები და ჩვენი პატრიარქის საგალობლები წარმოადგინეს… ეს არის სადღესასწაულო ამბავი, რაც მოხდა და ყველა ქართველმა უნდა იდღესასწაულოს! უდიდესი წარმატება იყო ქართული კულტურის!
ნანი ბრეგვაძე, მომღერალი:
– სამწუხაროდ, ვერაფერი მოვისმინე, რადგან ლოგინად ვწევარ, საშინელი ვირუსი, ძალიან მაღალი სიცხე მაქვს… ისე კი, ჩემი აზრით, ეს იყო არაჩვეულებრივი მომენტი, ამ ბოლო ხანებში რაც კი ყოფილა, როდესაც ვატიკანი საქართველოს ამდენად დიდ მიწვევას უწყობს, ასეთი შესანიშნავი ანსამბლისას და მუსიკოსებისას. ძალიან გახარებული ვარ! მგონი, ვიღაცები უარყოფითს წერენ, მაგრამ ვფიქრობ, მათ ყურადღებაც არ უნდა მიაქციოთ…
გოგი ხოშტარია, ხელოვნებათმცოდნე:
– ამ კონცერტისთვის დიდი ყურადღება არ მიმიქცევია… რაც ვიცი, გარკვეულ დონეზე ჩატარდა, რა ძალებიც საქართველოს გააჩნია. რაღაც აღსაფრთოვანებელი და გამორჩეული არ იყო, არც ისეთი იყო, რამე შენიშვნა მქონდეს… რაცა ვართ, ეგა ვართ!
– საქართველოს ხომ ძალიან მდიდარი კულტურა გვაქვს?
– გვქონდა! დღეს არიან ცალკეული ძალიან ნიჭიერი ადამიანები, მაგრამ მხოლოდ საქართველოში კი არა, მსოფლიო კულტურაშიც კრიზისია დღეს… ვიღაცას თუ ვჯობივართ, ეს არ ნიშნავს რომ აქაც მაღალი დონეა! არ შეგრცხვება, თორემ რაღაც მიუწვდომელი სიმაღლეები ნამდვილად არ ყოფილა.
მე სოლიკო ვირსალაძის დადგმები მინახავს, პრემიერებზე ვყოფილვარ, სადაც მსოფლიოს ყველაზე რაფინირებული საზოგადოება ფეხზე დგებოდა…
გია ბუღაძე, მხატვარი:
– რობერტ სტურუამ ჩვენ გვითხრა, მიქელანჯელო არ იცით, ვინ არიო? მაგისგან აღარაფერი მიკვირს, უკვე ბებერი კაცია! ვთხოვოთ ბატონ რობერტს, რომელიმე პოეტური ქმნილება ზეპირად თქვას მიქელანჯელოსი და ვნახოთ, ვინ უკეთ იცის, ჩვენ თუ მან! იქ მხოლოდ მიქელანჯელოს ფრესკები არ არის და ესეც უნდა ვუთხრათ ვიღაცებს. თაიგულია გენიალური მხატვრებისა, რომლებიც სპეციალური მისიით იყვნენ ჩაბრძანებულნი, რომ მოეხატათ სიქსტეს კაპელა…
რაც შეეხება ფაქტს, რა თქმა უნდა, ძალიან კარგი და დიდი მნიშვნელობისაა! თუმცა სწორედ მაგაშია საქმე, როცა თან ამას აკეთებ და თან ევროპას ებრძვი, ევროპის ძირითად მოთხოვნებს არ ასრულებ! აი, ეგ არის გამაოგნებელი და ორმაგი სტანდარტი! თან სიქსტეს კაპელაში უნიკალურ, ქართული ჰანგები ისმის და თან ევროპას ეწინააღმდეგები…
ამ კონცერტით საქმე გვაქვს უნიკალურ მოვლენასთან ჩვენი კულტურისთვის და ზოგადად, მსოფლიოსთვის. კარგია, ჩვენს ეკლესიაშიც თუ მიხვდებიან, რომ ქრისტიანობა ერთია, გამაერთიანებელი ჰყავს მაცხოვრის სიყვარული და მსოფლიოს უდიდესი მხატვრების შემოქმედება, ჩვენი “ჩაკრულო”, “შენ ხარ ვენახი” ერთმანეთს ძალიან კარგად შეერწყა… მე მინდა ასე შეერწყას ჩვენი საქართველო ევროპას!
კონცერტს სოციალურ ქსელში ძალიან ვრცელი პოსტი მიუძღვნა ცნობილმა მუსიკოსმა – ნიკოლოზ რაჭველმა:
“წმინდა სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდის წევრებს და სვიმონს, ასევე – გიორგებს, ზვიადებს, იანოს, ქეთის, ირაკლის, “ბასიანის” “ავტონომიურ ოლქს” და ყველას, ყველას, ვინც ასე ძალიან გაგვახარეთ:
ამჯერად არა ჩემი რაჭველობის, არამედ – რეალურად საკმაოდ რთული დღეების გამო (ხანგრძლივი და ტევადი პროცესი იყო უკრაინიდან გამომგზავრება, სახმელეთო საზღვრების გადაკვეთა, შემდეგ მანქანით, მატარებლით და თვითმფრინავით მგზავრობა და ა.შ.) დამიგვიანდა თქვენთვის ჩემი დიდი სიხარულის და მოლოცვის გაზიარება.
უნდა მაპატიოთ!
კონცერტის ჩანაწერიც დაგვიანებით ვნახე, თუმცა არ გამკვირვებია არც ხარისხი და არც შემართება, არც მუსიკალურობა და არც დრამატურგია, უბრალოდ, მორიგ ჯერზე კიდევ ერთხელ ვაღიარე ჩემს თავთან, რომ საქართველოს თქვენი სახით ჰყავს უდიდესი განძი, ნამდვილი მონაპოვარი. ასეთი უმაღლესი ხარისხის საგუნდო კოლექტივი მთელს პლანეტაზე ძნელად თუ მოიძებნება. უცებ რომ წარმოვიდგინოთ უთქვენობა, სრულიად სხვა მუსიკალური ველი იქნებოდა როგორც სამებაში, ისე – საკონცერტო დარბაზებსა და საერთაშორისო სცენებზე.
როგორც ვთქვი, არაფერი გამკვირვებია, მაგრამ სიამაყის განცდა გაასმაგდა კონცერტის სივრცის და, აქედან გამომდინარე, მისი მნიშვნელობის გამო. ვატიკანში, ქრისტიანული სამყაროსა და სახვითი ხელოვნების ყველაზე შთამბეჭდავი გადაკვეთის ადგილიდან თქვენ მსოფლიოს წარუდგინეთ არა მხოლოდ ჩვენი მრავალხმიანი მუსიკის ისტორია, რაშიც ნამდვილად არ გვყავს ბადალი, არამედ – ამ მუსიკისადმი მოპყრობის დღევანდელი დღე, თქვენი საოცარი პროფესიონალიზმით! ასევე, მნიშვნელოვანი იყო თანამედროვე ქართული ნაწარმოებების შესრულება, რამაც ერთგვარად დიდი პერიოდის თაღი შეკრა და ილია II-ს “ავე მარია”, რომელმაც, ჩემი აზრით, პირველად გაიჟღერა მისთვის აკუსტიკურად თუ ჟანრულად ყველაზე შინაურულ გარემოში.
ჩემო გუნდელებო, მიყვარხართ, ვამაყობ თქვენით, მენატრებით და ერთი სული მაქვს, კვლავ როდის ავაჟღერებთ “სტიქსს”, რომელიც თქვენ (გორის ქალთა გუნდთან, ეროვნულ ორკესტრთან და გიორგი ცაგარელთან ერთად) აქციეთ ჩვენი დიდი გია ყანჩელისთვის საკუთარი შედევრის საუკეთესო შესრულების ნიმუშად.
კიდევ ერთხელ გილოცავთ დიდ წარმატებას, არ მიაქციოთ ყურადღება გამოხმაურებათა შორის უსიამოვნო კონტექსტებს, ბოლომდე იხარეთ და იამაყეთ იმ ჯადოსნური დღეებით, იტალიის მადლიან მიწაზე რომ გაატარეთ და კიდევ იმით, რომ ურთულეს, უმძიმეს და უკრაინაში მიმდინარე ომიდან გამომდინარე ტრაგიკულ რეალობაში, მაინც იპოვეთ საკუთარ თავში ძალა და შეძელით მუსიკის გზით ქართული ცეცხლის გარდამოსვლა მსმენელთა გულებში!
განსაკუთრებული მილოცვა სვიმონს, რომელიც განსხვავებული შეხედულებების გამო (მე სტრავინსკი უფრო მიყვარს და მას – მალერი) აღარ მირიგდება, ზვიად ბოლქვაძეს, რომლის შექმნილი (როგორც ბიძინა კვერნაძე იტყოდა) ყოველი ნოტი მიყვარს, მსოფლიო ვარსკვლავს ჩემს ძვირფას იანოს ბიჭებისადმი მუდამ გვერდით დგომისათვის, ქეთი ქართველიშვილს, რომლის ხმა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ წესით სამედიცინო მედიკამენტების სიაში უნდა შეიყვანოს, გიორგებს: დონაძესა და ცაგარელს, რომლის გუნდთან კოლაბორაცია (განსაკუთრებით ფეხბურთში) უსაზღვროდ მიყვარს!
წარმატებები აწ და მარადის!
მშვიდობა და მტრის დამარცხება!
სიკეთე და სიხარული თქვენ!”, – წერს ნიკოლოზ რაჭველი.
კვირის პალიტრა