უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ადასტურებს, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ლუგანსკის ოლქის ქალაქი ლისიჩანსკი დატოვეს.
ზელენსკის თქმით, ქალაქიდან უკან დახევა მცველების სიცოცხლის შენარჩუნების მიზნით გადაწყდა. უკრაინის პრეზიდენტი პირობას დებს, რომ ისინი ლისიჩანსკსა და მთელ დონბასს დაიბრუნებენ.
“ჩვენ ვუფრთხილდებით მებრძოლთა, ჩვენი ხალხის სიცოცხლეს. კედლებს აღვადგენთ, მიწას ომით დავიბრუნებთ, ადამიანებს კი ყველაზე მეტად უნდა გავუფრთხილდეთ. და თუ არმიის სარდლობას ფრონტის გარკვეული წერტილებიდან, სადაც მტერს ბევრად დიდი საცეცხლო უპირატესობა აქვს, ხალხი გაჰყავს, კონკრეტულად ეს ლისიჩანსკს ეხება, ეს ნიშნავს მხოლოდ ერთს, რომ ჩვენ დავბრუნდებით ჩვენი ტაქტიკისა და თანამედროვე იარაღის მოწოდების გაზრდის წყალობით”. – თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ლისიჩანსკი იყო ბოლო დიდი ქალაქი, რომელზე კონტროლიც უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ლუგანსკის ოლქში ჰქონდათ.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ “უკრაინა არაფერს თმობს”. მან ასევე დაამატა, რომ მათი ძალები რეგულარულად წინაურდებიან ხარკოვისა და ხერსონის ოლქებში, ასევე ზღვაზე. მან ახსენა კუნძული ზმეინის დაბრუნებაც.
“ზმეინი ამის კარგი მაგალითია. მოვა დღე, როცა იგივეს ვიტყვით დონბასზეც”. – თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.