„მივმართავ ყველა ოპოზიციურ პარტიას, რომ გვერდზე გადადონ, თუ რაიმე სრულიად გულწრფელი წუხილები აქვთ და პასუხისმგებლობა აიღონ საკუთარ თავზე“, – ამის შესახებ „სამოქალაქო იდეის“ პლატფორმის დამფუძნებელმა, თავდაცვის ექსმინისტრმა თინა ხიდაშელმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
თინა ხიდაშელის თქმით, პოლიტიკურ ბრძოლას პოლიტიკური ლიდერები სჭირდებიან, მათ გარეშე ცვლილებები ვერ მოხდება.
როგორც ხიდაშელი აცხადებს, სამოქალაქო საზოგადოება ამ პროცესში შეიძლება იყოს ძალიან კარგი დამხმარე, მაგრამ ის ვერ ჩაანაცვლებს პოლიტიკურ პარტიებს.
„თუკი ამდენი ქუჩაში გამოსული ხალხის ხმა არ ესმის ხელისუფლებას, ის ხელისუფლება აუცილებლად აგებს. განსაკუთრებით იმ ვითარებაში, როგორშიც ახლა ჩვენ ვართ, როდესაც ამ მასობრივი აქციის ორგანიზატორები თავად პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები არ არიან და ხელისუფლებაში მოსვლისთვის არ იბრძვიან.
საზოგადოება გამოხატავს მასობრივ პროტესტს, მასობრივ სიბრაზეს ხელისუფლების უმოქმედობის მიმართ. ასეთ დროს, თუ ხელისუფლებას არ ესმის ქუჩაში გამოსული ადამიანის, ის აუცილებლად ცუდად ამთავრებს, ამიტომ სხვისი წაგება მოგების დათვლას, ვურჩევდი მათ, კარგად გააანალიზონ რა ხდება მათ თავს.
ასეთი რამ არ არსებობს ბუნებაში, რომ პოლიტიკური შედეგი დადგეს პოლიტიკური მოთამაშეების გარეშე, ეს არ არსებობს, ამიტომ ამ კეკლუცობას რაც უფრო მალე მოეშვება ეს ხალხი, რომ ვაიმე, პარტიები, უიმე, როგორ გეკადრებათ, კარგი იქნება. პოლიტიკურ ბრძოლას სჭირდებიან პოლიტიკური ლიდერები, პოლიტიკური ლიდერების გარეშე ცვლილებები არ ხდება.
მივმართავ ყველა ოპოზიციურ პარტიას, რომ გვერდზე გადადონ თუ რაიმე სრულიად გულწრფელი წუხილები აქვთ და პასუხისმგებლობა აიღონ საკუთარ თავზე. სამოქალაქო საზოგადოება ამ პროცესში შეიძლება იყოს ძალიან კარგი დამხმარე, მაგრამ ის ვერ ჩაანაცვლებს პოლიტიკურ პარტიებს“, – აცხადებს თავდაცვის ექსმინისტრი.