საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელის თქმით, ყურადღებით ადევნებენ თვალს საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთლეობის მდგომარეობას. მისი თქმით, დაჟინებით მოითხოვენ ხელისუფლებისგან, რომ დაიცვას მისი, როგორც პატიმრის უფლებები, უზრუნველყოს მისი სათანადო მკურნალობა და სამართლიანი სასამართლოს უფლება.
კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმეც იგივე პრინციპებს ეფუძნება.
კითხვაზე, ევროპარლამენტის რეზოლუციაში პირდაპირ არის ნახსენები ნიკა გვარამიას გათავისუფლება და მიხეილ სააკაშვილი ადაყვანა, როგორც საკვანძო საკითხები საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში, ეთანხმებით თუ არა, რომ საქართველოსათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება შესაძლებელია მხოლოდ ორივეს გათავისუფლების შემდეგ? ჰარცელი პასუხობს:
“ცალკეულ საქმეებზე საუბარი ჩემი მანდატის მიღმაა. ზოგადად, კანონის უზენაესობის დაცვას, ნებისმიერ შემთხვევაში, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დემოკრატიისათვის. იგივე ეხება საქართველოსაც. ადამიანები ფართოდ უნდა იზიარებდნენ შეხედულებას და შეფასებას, რომელიც ამბობს, რომ სასამართლო თავისუფალი და სამართლიანია და რომ მართლმსაჯულება საფუძვლიანად და მიუკერძოებლად ხორციელდება.
ეს საქმეები დაიწყო იმ ფონზე, როდესაც ევროკავშირი, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, საქართველოს ურჩევდა უფრო მაღალი სტანდარტების დაწესებას, სასამართლოს დამოუკიდებლობასთან, გამჭვირვალობასა და მიუკერძოებლობასთან დაკავშირებული საერთაშორისოდ აღიარებული ნორმების შესაბამისად. თქვენ კვლავაც ამოიკითხავთ მსგავს მოწოდებებს ევროკომისიის მოსაზრებაში.
ევროკავშირი რჩება იმ აზრზე, რომ საქართველოს პასუხისმგებლობაა, უზრუნველყოს, რომ ყველა სამართლებრივი საქმე, მათ შორის ბატონი გვარამიასა და ბატონი სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრული საქმეებიც, უნდა მიმდინარეობდეს უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად და გამოყენებული უნდა იქნას სამართლიანი და სათანადო წესები და პროცედურები.
ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას და დაჟინებით მოვითხოვთ ხელისუფლებისაგან, რომ თავისი პასუხისმგებლობის ფარგლებში, დაიცვას მისი, როგორც პატიმრის უფლებები, უზრუნველყოს მისი სათანადო მკურნალობა და სამართლიანი სასამართლოს უფლება.
ბატონი გვარამიას საქმეც იგივე პრინციპებს ეფუძნება. ეს საქმე ასევე აჩენს შეკითხვებს მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით, რომელიც, ბოლო დროს, საქართველოში სტრესულ გარემოში აღმოჩნდა”.