„ჩვენ გადავდგით ფუნდამენტური ნაბიჯები, რათა გვქონოდა ევროპული და მშვიდი პოლიტიკა. ეს ვერ ხდება ბოლომდე. მეორე მხარეს დგას ისეთი რადიკალური ოპოზიციური პარტია, ვისთან შერიგებასაც საზოგადოება არ გვაპატიებს. ჯერ კიდევ იმ სიმართლეს, რომელიც საზოგადოების მხარესაა, რომლის წინააღმდეგაც მუშაობდა ეს პოლიტიკური პარტია, თავისი სახელი არ დარქმევია.
სანამ საზოგადოებას არ მოუხდიან ბოდიშს, რეალობის გადაკეთებას არ მოეშვებიან, სანამ არ მოეშვებიან საქართველოში ანტიდასავლური პოლიტიკის გატარებას, მანამდე მედიაცია წარმოუდგენელია და შეუძლებელი ამოცანაა. შერიგება შეიძლება მასთან, ვინც სამართლიანად აფასებს პროცესს, საკმარისი პოლიტიკური პასუხისმგებლობა აქვს, რასაც ხელს მოაწერს, შეთანხმებას შეასრულოს. „ნაციონალური მოძრაობა“ არ არის ასეთი, ვერავინ, მათ შორის, ვერც სალომე ზურაბიშვილი ვერ შეძლებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ რაიმე ტიპის წარმატებული მედიაცია გააკეთოს“,- აცხადებს არჩილ თალაკვაძე.