გერმანელმა მეცნიერმა და მოგზაურმა (პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის წევრი) იოჰან ანტონ გიულდენშტედტმა (Johann Anton Güldenstädt) 1772 წლის ივლისიდან-სექტემბრის ჩათვლით იმოგზაურა დასავლეთ საქართველოში, რა დროსაც აღწერა იმერეთი, სამეგრელო და გურია. მისი მოგზაურობისას გაკეთებული ჩანაწერების მიხედვით შედგა ნაშრომი – Reisen durch Russland und im Caucasischen Gebürge („მოგზაურობა რუსეთში და კავკასიის მთებში“ – გამოიცა 1787 წელს ორ ტომად), რომლის ერთი თავი მოიცავს გურიის აღწერას.
.
გიულდენშტედტი გურიის შესახებ წერს – „ქართულ პროვინციას გურიას დასავლეთით აკრავს შავი ზღვა, ჩრდილოეთით – ნაწილობრივ რიონის ქვედა წელი და მის ზემოთ, ანუ აღმოსავლეთით სამეგრელო, ხოლო ქვემოთ, ანუ დასავლეთით – თურქული მხარეები; აღმოსავლეთით ესაზღვრება იმერეთი, სამხრეთ-აღმოსავლეთით ქართული მხარეები, რომლებიც ამჟამად თურქებს უპყრიათ, სამხრეთით მდინარე ჭოროხი, რომელიც სათავეს იღებს მტკვრის ახლოს და არარატის მთისწინეთის ძირის დასავლთით მიედინება შავი ზღვისაკენ“.
.
მოგზაურობის შესახებ ჩანაწერები ასევე შეიცავს დასახლებული პუნქტების ჩამონათვალსაც. იქვეა მითითებული 1772 წლის მდგომარეობით, გურიის რომელი ნაწილი და დასახლებული პუნტები ეპყრათ თურქებს და რომელიც რეალურად შედიოდა გურიის შემადგენლობაში.
.
„რიონის მარცხენა ნაპირზე და კავკასიის მთისწინეთის ჩრდილო ძირში:
.
1. ნიკოს-დიდი (ნიგოითი), დაახლოებით 3 საათის სავალზე იმერეთის საჯავახოდან. ეკუთვნის მაჭუტაძეს; 2. ლანჩხუთი. 3. ჩიბათი. 4. ჩოჩხათი. 5. ბალიასტომი. 6. ქალაქი ფოთი, თურქულად ფაში, მისადგომი ქალაქი და გამაგრებული ნავსადგური, რიონის შავ ზღვასთან შერთვის მარცხენა მხარეზე, ის ახლა თურქების ხელშია.
.
მთის დასავლეთ ძირში, ზღვაზე ფოთიდან სამხრეთით:
.
7. ჯუმათი, მონასტერი და ჯუმათელი ეპისკოპოსის საჯდომი, ნაკაშიძის. 8. ბაილეთი, ციხე სუფსის შესართავის მარჯვენა მხარეზე. 9. გრიგოლეთი. 10. ქობულეთი. 11. ალამბარი. ორი უკანასკნელი ეკუთვნის თავად თავდგირიძეს. 12. ციხისძირი, მდ. კინტირშის შესართავთან მდებარე ციხე. ის თურქებს უპყრიათ, ისევე როგორც აქედან სამხრეთით ბათუმამდე და მდინარე ჭოროხზე მდებარე სოფლები. ეს ჭოროხი შეადგენს სამხრეთ დასავლეთ საზღვარს.
.
კინტირშიდან ზევით, მთის თხემზე მდებარეობენ:
.
13. ხინო, რომელიც თურქებს უჭირავთ. 14 ქაქუთი. 15. ლიხაური, ციხე. 16. ოზურგეთი. 17. შამოქმედი, შამოქმედელი ეპისკოპოსის საჯდომი და მონასტერი. 18. ასკანა, ციხე. 19. ბახვი.
.
მდინარე სუფსის (აუზში) აყოლებით არის: 20. ვანისქედი. 21. ოქროსქედი, ერისთავისა. 22. ბასილეთი. 23. აკეთი, ციხე. 24. გუბაზაური. 25. ერკეთი, ერისთავის ოჯახისა, სადაც არის მონასტერიც. 26. ბერშოული (ბერეჟოული) და 27. სურები.
.
მთელს გურიაში არის 5000 ოჯახი, რომელიც ემორჩილებიან გურიელს და თავადებს.
.
გურიის მხარეები, რომლებიც ახლა თურქების ხელშია, შემდეგია:
.
კახაბერის მხარე (ანუ მაჭახელი, არა მაკიხელი), მდებარეობს მდ. კინტირშსა და ჭოროხს შორის, შავ ზღვაზე. მას ეკუთვნის ციხე ციხისძირი, მდ. კინტირშის შესართავზე და ბათუმი ჭოროხის შესართავზე.
.
მხარე აჭარა (და არა აიხარა), კავკასიის სამხრეთი მთისწინეთის სამხრეთ-დასავლეთ მხარეზე, კახაბერსა და ჯავახეთს შორის, კახაბერზე მიმდინარე მდინარეების სათავეებთან.
.
მხარე ნარიმანი, მდებარეობს არარატის მთისწინეთის ჩრდილოეთ ძირას, მდ. ჭოროხის სათავესთან. ამ მხარეს ეკუთვნის ართვინი.
.
მხარე ჯავახეთი, მდებარეობს სამხრეთ კავკასიის მთისწინეთ სამხრეთ ძირას, მდ. მტკვრის სათავესთან, მას ეკუთვნის ახალციხე, აწყვერი და ახალქალაქი.
.
ამ მხარეებს (ერთს თუ მეორეს) ეკუთვნის შემდეგი სოფლები: ლივანა, სატლერი (უნაგირა), მაჭახელი, არა მახიკელი, ბათუმი, კისტკინი (კისკინი), ოლთი, ნარიმანი, ართვინი, არა არტვინგი, ალთუნყალა, შავშეთი (არა ხავხეთი), პენეკი და პეტეკრეკი.
.
ოთხივე მხარე დასახლებულია ქართველებით, რომლებიც თუმცა ლაპარაკობენ თავის ენაზე, მაგრამ თურქთა ბატონობის გამო უღალატეს ქრისტიანულ სარწმუნოებას და გამაჰმადიანდნენ.“
.
წყარო – გიულდენშტედტის მოგზაურობა საქართველოში (საქართელოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის საქართველოს შესახებ უცხოური წყაროების კომისია – 1962 წელი).
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა