რატომ აკრიტიკებენ ქართველი პოლიტიკოსები უცხოელ დიპლომატებს
მმართველი ძალის წარმომადგენელთა მიერ ევროპელი დიპლომატების კრიტიკა უკვე ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. ბოლო ხანებში მათ მთავარ სამიზნედ აშშ-ის ელჩი – კელი დეგნანი და ევროკავშირის ყოფილი ელჩი – კარლ ჰარცელი იქცნენ. უფრო ადრე “მეოცნებეთა” კრიტიკა მარკეტა გრეგოროვას, ანდრიუს კუბილიუსსა და სხვა უცხოელ პოლიტიკოსებს დაატყდათ თავს. მათი მთავარი არგუმენტი ასეთია: უცხოელი დიპლომატები “საქართველოს არ უყურებენ, როგორც სუვერენულ სახელმწიფოს”.
გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში “გზა” გამოქვეყნდა:
“ვიცი, რომ ნებისმიერი პოლიტიკოსი, პირველ რიგში, დიპლომატი უნდა იყოს. ამას თავი რომ დავანებოთ, ქართველ კაცს ოდითგანვე უთქვამს: “თეთრ წყალსა, შავსა ღვინოსა, განა ყველასა სმა უნდა? პირზე მომდგარსა სიტყვასა განა, ყველასა თქმა უნდა?!” ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ადამიანი რას იტყვის და როგორ იტყვის, მით უმეტეს, როცა ის ხელისუფლების წარმომადგენელია. ჩვენი პოლიტიკოსები ხან რუსეთს ლანძღავენ თავგამოდებით, ახლა კი დასავლეთზე გადავიდნენ. როგორც დიდი ჭაბუა ამირეჯიბი იტყოდა, ობოლი ერი ვართ და ასეთი პატარა ერის შვილებს ასჯერ მეტი სიფრთხილე და პოლიტიკური წინდახედულობა სჭირდებათ…”
ნიკა ლომიძე, პროდიუსერი:
“კრიტიკის და თავისი აზრის გამოხატვის უფლება ყველას უნდა ჰქონდეს, მაგრამ კრიტიკასაც გააჩნია: თუ ის ჯანსაღია და ვინმეს ინტერესებს არ გამოხატავს, მაშინ შეიძლება, მაგრამ თუ მორალის და ეთიკის ნორმებს სცილდება, მიუღებელია. ცხადია, პოლიტიკოსებს შორის არ ვგულისხმობ ისეთ ფიგურებს, როგორიც მაგალითად, პუტინი ან ლავროვი არიან. მათ მიმართ თუ რაიმე უცენზურო გამოთქმა არსებობს, ყველაფერი შეიძლება ითქვას…”
გია ბუღაძე, მხატვარი:
“ევროპელებს რომ მიადგნენ, რუსეთს რატომ არ აკრიტიკებენ? რატომ არაფერს ამბობენ, რომ ახლახან, აფხაზეთში, ბიჭვინთაში, ულამაზესი ტერიტორია მიითვისეს? რომ აქ ე.წ. ტურისტების შემოდინებას ბოლო არ უჩანს? რატომ ხდება, რომ რუსეთის ხელისუფლების მომხრეებს აქ თავისუფლად უშვებენ, ხოლო დაპირისპირებულ ადამიანებს უკან, რუსეთში აბრუნებენ? იმიტომ, რომ თავიდან ბოლომდე მოღალატეები არიან! საქართველოს თავისუფლების შენარჩუნების ერთადერთი გარანტი დასავლეთია. რატომ უბედავენ ამდენს ამერიკის თუ ევროკავშირის ელჩებს?..”
კვირის პალიტრა