„ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ მიმართვა ხელისუფლებას

„ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს ხელისუფლებას, გაიაზროს მედიის როლი დემოკრატიულ სახელმწიფოში და არ შეუშალოს ხელი “ფორმულას“ საქმიანობაში,“ – ნათქვამია„ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ მიერ დღეს, 30 სექტემებრს, გავრცელებულ განცხადებაში, რომლითაც თავდაცვის სამინისტროს მიერ უწყების ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ სასამართლოში შეტანილ საჩივარს გამოეხმაურა

არჩევნებამდე ორი დღით ადრე ცნობილი გახდა, რომ ტელეკომპანია „ფორმულას” მფლობელის, დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ თავდაცვის სამინისტრომ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. მედიასაშუალების გენერალური დირექტორის ზუკა გუმბარიძის განცხადებით, არსებობს ტელეკომპანიის ქონების დაყადაღების საშიშროება.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიიჩნევს, რომ არჩევნების წინ მსგავსი ქმედება, შესაძლოა ემსახურებოდეს ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალების საქმიანობისთვის ხელის შეშლას.

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალებების მიმართ ხდება სამართლებრივი წარმოების დაწყება.

„ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს ხელისუფლებას გაიაზროს მედიის როლი დემოკრატიულ სახელმწიფოში და არ შეუშალოს ხელი მედიასაშუალებას საქმიანობაში“ – აღნიშნულია ქარტიის განცხადებაში

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: