როდიდან დაიწყება წამლების მონიტორინგი და გააძვირებს თუ არა ეს მედიკამენტებს

საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე GDP და GMP სტანდარტების დანერგვა სავალდებულო ხდება. როგორც ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ილონა კოკიაშვილმა რადიო „პალიტრისა” და “პალიტრანიუსის“ გადაცემაში “საქმე” განაცხადა, აღნიშნული ცვლილება ძალაში 2022 წლის 1-ლი იანვრიდან შევა, შესაბამისად, წამლების მონიტორინგიც დაიწყება.

ცნობისთვის, ფარმაცევტულ დაწესებულებებს ახალი სტანდარტების დაკმაყოფილება საქართველოს ბაზარზე მედიკამენტების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით მოუწევთ.

“GDP და GMP სტანდარტით წამყვანი ქვეყნები მრავალი ათეული წლის განმავლობაში ოპერირებენ. ჩვენთან ამ თემაზე საუბარი დაიწყო ჯერ კიდევ 2016 წელს, როდესაც უკვე კონკრეტული გრაფიკები დაისახა, რომ როგორც მწარმოებლები, ისე დისტრიბუტორები ჩართულიყვნენ ამ პროცესის იმპლემენტაციაში და რაღაც პერიოდისთვის სავალდებულო ყოფილიყო.

მსხვილი კომპანიები ისედაც აკმაყოფილებდნენ ამ სტანდარტს. ჩვენ მოვილაპარაკეთ, რომ ოქტომბრისთვის ჩვენ უკვე უნდა ამოვწუროთ ამ ტექნიკური საკითხების განხილვა. ანუ რაც ხელს უშლის პრაქტიკულად, რაღაცაზე გადასვლას. რაც მთავარია, უკვე დასრულებულია ტრენინგების საკითხი, სახელმწიფო უკვე არჩევს კომპეტენტურ ტრენერებს, ვისთან ერთადაც ბიზნესი შეძლებს თავისი კადრების დატრენინგებას”, – განაცხადა ილონა კოკიაშვილმა.

კითხვაზე, აღნიშული ცვლილება გამოიწვევს თუ არა მედიკამენტებზე ფასების მატებას, ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ ამის ალბათობა არსებობს.

“ალბათობა ამის არსებობს, მაგრამ ჩვენ ამის ანალიზის გაკეთებას შევძლებთ მხოლოდ რაღაც პერიოდის გასვლის შემდეგ. ანუ 1-ლი იანვრიდან სავალდებულო რომ გახდება, სადღაც 5-6 თვეში ჩვენ უკვე დავინახავთ სურათს. რა თქმა უნდა, ნებისმიერი რეგულაცია გავლენას იქონიებს ფასზე, მაგრამ არა ისეთს, რომ ეს იყოს ძალიან მაღალი ეფექტი”, – განაცხადა ილონა კოკიაშვილმა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share