“ცხადმა იმდენი ქვა მესროლა – ძილი გამიტყდა”-კეკელიძე

“ცხადმა იმდენი ქვა მესროლა

– ძილი გამიტყდა – გატეხილი ძილის წვრილი ნაპრალებიდან, ლოგინზე ფრთხილად დაიღვარნენ ჭრელი სიზმრები.
ერთი სიზმარი იქ დაგუბდა,
სადაც თავში შენზე ფიქრის კედელი იდგა –
კედელმა ტანი მიუშვირა, არ გამოუშვა.
და იმ სიზმრით დამესიზმრა,
რომ მე ღმერთი ვარ.
რომ ღმერთი ვარ და რახან ღმერთი,
გადმოვჯექი ჩემი დაღლილი მანქანიდან ცეცხლოვან ეტლზე და ანგელოზებს მოვუწოდე:
წამიყვანეთ კვირიკეთის სასაფლაოზე!
-მამა, გამოვედ გარე!
მამა გამოვიდა ჩემი ნაქონი ბათინკებით,
სხვა დანარჩენი უკვე თითქმის შემოხეოდა,
ხელში მალავდა სიგარეტის დაჭმუჭნულ კოლოფს, სიგარეტზე დაჭმუმჭნულ ხელში –
არ ვიცი
ვინმე მეზობელმა მკვდარმა მიაწოდა თუ ჩემმა ლოცვამ.
ხელში მალავდა წითელ კოლოფს და მზერაში გაკვირვების ნაფაზს მალავდა.
ის არ უკვირდა, რომ გაცოცხლდა, უფრო ის – რომ ამდენი ხანი არ მივედი, არ გავაცოცხლე – მამაჩემს ხომ აქამდეც კი ღმერთი ვეგონე.
მოვდიოდით მე და მამა ჩქარი ნაბიჯით, მოგვკიოდნენ მეზობლები საფლავებიდან – ამოგვთხარე და გაგვაცოცხლე!
მეზობლები კი არადა, ბებიაც და პაპაჩემიც იქვე დავტოვე. ვიფიქრე – მაინც ხომ ღმერთი ვარ, ხვალ გამოვივლი.
მივედი სახლში, გადმოვიღე ბავშვობა და ყველა რძიანი შოკოლადი, რაზეც მაშინ მიოცნებია, ერთად შევჭამე. მერე გათენდა და სკოლისკენ გავეშურეთ მამაჩემის თეთრი მანქანით,
რომელიც მამაჩემს არასდროს ჰყოლია.
და გზაზე ისე მიხაროდა შურიანი მზერის ქარი,
არც არავის გავუჩერეთ.
სკოლაში უცებ ავუხსენი სიყვარული იმ ლამაზ გოგოს და იმ გოგონამ საპასუხოდ ჩუმად მითხრა, მეც ხომ მიყვარხარ. ნუთუ? – ვკითხე და მიპასუხა – შენ ხომ ღმერთი ხარ! მაშინ ვიფიქრე და ვუთხარი: თუ ასეა, აქ დამელოდე! აქვე, ახლო სკოლებს მოვივლი, იქნებ უფრო ლამაზი და კარგი ვიპოვო!
მივედი ჩემი ბავშობის მტრებთან –
ზოგს ჯინსის ქურთუკი დავუხიე,
ზოგს ველვეტის ლურჯი შარვალი.
იდგნენ და ხმასაც ვერ იღებდნენ,
უცნობი შიშით მიყურებდნენ
და ერთმანეთს ფრთხილი და ზუსტი მუჯლუგუნით ახსენებდნენ –
ის ხომ ღმერთია.
როცა სახლში დავბრუნდი და წამოვწექი, ამდენი დიდი, საოცარი საქმით დაღლილს ჩამეძინა და გამეღვიძა. გამეღვიძა ადამიანად. ისევ იგივეს გაკეთება მომინდა და ვეღარ შევძელი.
არაფერია უფრო საშიში და საზარელი ვიდრე ჩემი ღმერთად ყოფნა და ალბათ შენიც,
ჯობს იმ გოგომ არ მიპასუხოს,
ჯობს შოკოლადი მენატრებოდეს
და მე ფორმის, მათ ველვეტის შარვალი ეცვათ,
ჯობს მამაჩემი ისევ იქვე, კვირიკეთის პაწაწინა ღობეში იწვეს, ახალ მეზობლებთან ერთად.
განა იმიტომ, რომ ძალიან კეთილი ვარ,
განა იმიტომ, რომ
იმიტომ, რომ
იმიტომ.
უბრალოდ ამას ისე ვიზამ,
როგორც ადამიანი –
ამას, რაც ღმერთად ყოფნისას ვქენი.
უფრო ნელა, წვალებით და დამარცხებით.
მაგრამ ვიზამ.
რადგან არაფერია უფრო საშიში და საზარელი, ვიდრე ადამიანი.
და უფრო საინტერესო”.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share