გამომცემლობა “არტანუჯის” დამფუძნებელი ბუბა კუდავა გუდაურში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და აქვე, 2015 წელს ვერეს ტრაგედიას იხსნებს და მასთან პარალელებს ავლებს.
“გახსოვთ ვერეს ტრაგედია?
სამაშველო ვერტმფრენები ახალი გაყიდული ჰქონდათ, მაგრამ შეძლეს და საზოგადო ბრაზს ოსტატურად სხვა მიმართულება მისცეს:
გაყვანა როგორ შეიძლებოდაო! ატყდა ვაი-ვიში და წყევლა-კრულვა.
გავიდა 7 წელი!
გზა არავის გაუუქმებია. ხეობაში მიმდინარე მშენებლობები არ შეწყვეტილა. პირიქით, დასრულდა და უზარმაზარი ახალი კორპუსებიც წამოიმართა. ზოოპარკიც ადგილზეა. სამაშველო ვერტმფრენებიც არ უყიდიათ. კიდევ ბევრი სხვა რამ არ უქნიათ.
მორიგი ტრაგედია.
ისევ სხვაგან უშვებენ ბრაზს: პარაპლანისტებიო, უკონტროლობაო, რეგულაციები არააო, ექსტრემიო, აკრძალვაო…
აიკრძალოს-აიკრძალოს-აიკრძალოს კი არა, იაზროვნე-იაზროვნე-იაზროვნე.
ოდესმე სწორი მიმართულებით გაბრაზებას თუ ვისწავლით ნეტავ”, – წერს ბუბა კუდავა.
შეგახსენებთ, რომ 29 ივლისს გუდაურში სამაშველო ვერტმფრენი ჩამოვარდა. ავიაკატასტროფის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 2 მედიკოსი, მაშველები და პილოტები. ბორტზე მყოფები მიფრინავდნენ პარაპლანისტების დასახმარებლად, რომლებიც კლდეს შეეჯახნენ. ერთ-ერთი პარაპლანისტი, უცხოელი ტურისტი შემთხვევას ემსხვერპლა. ავიაკატასტროფის შედეგად დაიღუპნენ: მაშველები – მფრინავები – ანდრო ქუჯოშვილი, ლევან ჩოხელი, ზაზა ლორია, დიმა ქააძე; კახა ტორჩინავა, გიორგი მარგიანი; სასწრაფოს დახმარების ექიმები – ქეთი გულაგაშვილი, გიორგი ვენეცკი.
ცნობისთვის, წყალდიდობა მდინარე ვერეს ხეობაში, თბილისში, 2015 წლის 13 ივნისს მოხდა. სტიქიამ 19 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.