„რა საზოგადოებაც გვყავს, ისეთი პოლიტიკური სპექტრი გვყავს. საზოგადოებაც არათანამიმდევრულია, გავიღვიძებთ, მერე ისევ მიგვეძინება, ეს კი შემდეგ ძალიან ძვირი გვიჯდება“ – პოეტი გაგა ნახუცრიშვილი ქვეყანაში მიმდინარე საზოგადოებრივ და პოლიტიკურ პროცესებზე ”კვირის პალიტრასთან” საუბრობს:
”იმედგაცრუებითა და ტკივილით ვისწავლეთ ან გვასწავლეს. ამას ბევრი რამ განაპირობებს. ერთადერთ იმედს ახალ თაობაში ვხედავთ. თუმცა მათი მხრების ძველი პრობლემებით დამძიმება არ შეიძლება. საკმარისია, რაც წინა თაობებმა გავაკეთეთ. თუმცა იმისთვის, რომ გადავრჩეთ, რაღაც უნდა შევცვალოთ, წინ უნდა წავიდეთ. ჯერ ამის წინა პირობები არ ჩანს. ამის ერთ-ერთი მიზეზი განათლების პრობლემაა.
შთაბეჭდილება მრჩება, რომ საგარეო კურსის შეცვლა სურთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ვერ შეცვლიან, რადგან ეს მათზე არ არის დამოკიდებული. თუ ამის უფლებას მივცემთ, ახიც იქნება ჩვენზე, მაგრამ ქვის ხანაში არ ვცხოვრობთ და ხალხი ყველაფერს ხედავს. ვიღაცები ნამდვილად არიან, ვისაც ეს სინათლე ბოროტება ჰგონია, მაგრამ ისინი უმრავლესობაში არ არიან. თუ ჩვენს მოსახლეობაში ისეთებმა იმძლავრეს, ვისაც ევროპა მართლა გარყვნილებად და სიბნელედ მიაჩნიათ, პროგრესის, განვითარების მსურველები უმცირესობაში აღმოვჩნდით, მაშინ დამთავრებულა ყველაფერი, არაფრის პრეტენზია არ უნდა გვქონდეს და იმასაც შევეგუოთ, რომ ქართული სახელმწიფოებრიობა სამუდამოდ თუ არა, დიდი ხნით მაინც დასრულებულია. რუსეთის გუბერნიას სახელმწიფოს ვერ ვუწოდებთ… წარსულის შეცდომებმა რაღაცები გვასწავლა, ნაწილობრივ მაინც. ვინ მტერია და ვინ მოყვარე, ვიცით, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. სანამ სრულად არ გავიაზრებთ, რაც გვჭირს, ერთმანეთთან საუბარსაც ვერ შევძლებთ, დეპოლარიზაციას რომ ვეძახით, სულ ასე ვიქნებით, განხეთქილებაში მოგვიწევს ცხოვრება. განსხვავებული აზრი სხვა არის და განხეთქილება, რომელიც ლამის შთამომავლობას გადაეცეს, სხვა. ზოგად ღირებულებებზე შეთანხმებაც კი არ შეგვიძლია და სანამ ასეთ მარტივ, მაგრამ ხელოვნურად გამწვავებულ გაუგებრობებს ვერ მოვაგვარებთ, წინ ვერ წავალთ. თუ წავალთ, კუს ნაბიჯებით… თუმცა წარსულის შეცდომებიდან სულ არაფერი რომ არ გაგვეაზრებინა, ისიც არ გვექნებოდა მოპოვებული, რაც გვაქვს. ევროპის გზაზეც არ ვიქნებოდით შემდგარი. რახან შევდექით, ბოლომდე უნდა მივყვეთ. საუკუნეებია ვამბობთ, რომ ჩვენი გადარჩენის გზა ევროპაშია და ამას თუ არ გავიაზრებთ, არც ის გვეცოდინება, ოდესმე ცივილიზებულ სამყაროს ნაწილად ვიქცევით თუ არა. არჩევანი ჩვენზეა და ამ გზას არ უნდა გადავუხვიოთ. ამისთვის, ადრე დაშვებული შეცდომები უნდა გავიაზროთ. თუ ვერ შევძელით, მტერსაც წამოვიკიდებთ, იქით კი უკვე უფსკრულია. იმის იმედზე ნუ ვიქნებით, რომ ქართველ ხალხს უარესი გადაუტანია, მაშინ სხვა დრო იყო, ახლა სხვა რეალობაა, სხვა საფრთხეები. იმაზე საუბარი, რომ ცუდი ან კარგი ეპოქაა, არაფრის მომცემია, მცირე ერების წინაშე ყოველთვის არსებობდა გადარჩენის მოცემულობა. ყოველთვის ასე იყო – რაღაც რაღაცის ხარჯზე ხდებოდა. ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, სადაც ძალიან სწრაფად იცვლება რეალობა და ჩვენი ქვეყანა მის მიღმა არ უნდა დარჩეს. არ მიყვარს, როდესაც ქართველ ერს პატარას უწოდებენ, მცირერიცხოვანი ვართ და არა პატარა… პატარა რომ ყოფილიყო, ასეთი გეოგრაფიული მდებარეობით, ამდენი პრობლემით ვერ გადარჩებოდა. არც ახლაა საქართველოსთვის დალხენილი დრო, რეგიონში ვითარებას არეულიც აღარ ჰქვია, კატაკლიზმებით აღსავსე დროა. ამიტომ უნდა დავფიქრდეთ რაღაცებზე, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენში ფიქრი ბევრს არ უყვარს.
ხალხს დიდი ძალა აქვს როგორც ხელისუფლებაზე, ასევე ოპოზიციაზე და არ უნდა დავუშვათ, რომ ვიღაცებმა პოლიტიკურ კინკლაობას გადააყოლონ ქვეყნის მომავალი. ახლა კიდევ ვერ ვგრძნობთ, რა ცუდი შედეგის მოტანა შეუძლია ამ შანსის დაკარგვას. ღმერთმა ნუ ქნას, არ მოხდეს, მაგრამ წლები გავა და გავიაზრებთ, რაც ჩვენი ქვეყნის აწმყოსა და მომავალს დავმართეთ… ეს “წერილებით მანიპულირება” სპეციალური მავნებლობა და უგუნურებაა. ჰგონიათ, ამით თავს გადაირჩენენ, სინამდვილეში კი პირიქითაა, ოღონდ მხოლოდ თავიანთ თავს კი არა, ჩვენც გვაზიანებენ.” – აცხადებს ნახუცრიშვილი.