დღეიდან რუსეთი ზეთზე საექსპორტო გადასახადს ისევ ზრდის – რა მოცულობის პროდუქტს ყიდულობს საქართველო ჩრდილოეთში

დღეიდან, 1-ლი აგვისტოდან რუსეთის ფედერაციიდან მზესუმზირის ზეთის ექსპორტზე გადასახადი ტონაზე წინა თვის 8615,9-დან 15,987,1 რუბლამდე (148-დან 275 დოლარამდე), შროტზე კი 1819-დან 2,265,4 რუბლამდე (31,5-დან 39 დოლარამდე) იზრდება. ამის შესახებ ინფორმაცია რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებგვერდზე ვრცელდება.

მზესუმზირის ზეთზე აგვისტოს საბაჟო განაკვეთი ტონაზე 1873,3 დოლარის საორიენტაციო ფასით გამოითვალა. ივლისში ტონაზე 8615,9 რუბლის (148 დოლარის) ოდენობის გადასახადი მოქმედებდა, რომლის ღირებულებაც 1800,2 დოლარის საორიენტაციო ფასიდან იყო გამოთვლილი.

რაც შეეხება შროტს, აგვისტოს საექსპორტო გადასახადი ტონაზე 304,3 დოლარის საორიენტაციო ფასით გამოითვალა. ივლისში მისი ოდენობა ტონაზე 1819,1 რუბლს (31,5 დოლარს) შეადგენდა, რაც 312,8 დოლარის საორიენტაციო ფასიდან იყო დადგენილი.

ცნობისათვის, რუსეთში მზესუმზირის ზეთზე მოქნილი საექსპორტო გადასახადი 2021 წლის 1-ლი სექტემბრიდან მიმდინარე წლის 31 აგვისტომდე პერიოდისთვის არის შემოღებული, ხოლო შროტის ექსპორტზე გადასახადი 1-ლი მაისიდან დადგინდა და იმავე 31 აგვისტომდე იმოქმედებს.

ექსპერტების პროგნოზით, საექსპორტო გადასახადის გაზრდა მზესუმზირის ზეთის ისედაც ჩავარდნილ ექსპორტს კიდევ უფრო შეამცირებს. ანალიტიკური კომპანია „პროზერნოს“ გენერალური დირექტორის, ვლადიმერ პეტრიჩენკოს შეფასებით, ივნისში ჩავარდნა სწორედ მაღალმა, 525 დოლარის ოდენობის საექსპორტო გადასახადმა გამოიწვია, მაშინ, როცა მაისში ეს გადასახადი 372,2 დოლარს შეადგენდა. მზესუმზირის ზეთზე საექსპორტო კვოტებიც, რომელიც 15 აპრილიდან დაწესდა, მიმდინარე წლის 31 აგვისტოს ჩათვლით მოქმედებს. პეტრიჩენკო ნაკლებად მოელის, რომ მზესუმზირის ზეთის ექსპორტზე თუნდაც წინა, 1,5 მილიონი ტონის კვოტა შესრულდება, რადგან 15 აპრილიდან, ანუ კვოტის დაწესების დღიდან მხოლოდ 500 ათასი ტონა ზეთი არის ექსპორტირებული.

რაც შეეხება საქართველოს, 2022 წლის იანვარ-ივნისში, ქვეყანაში მზესუმზირის ზეთის იმპორტი 2.3-ჯერ შემცირდა, თუ გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ქვეყანამ 17 592 ტონა 26 მლნ ლარის ზეთი იყიდა, წელს ქვეყანაში 7 385 ტონა 13.9 მლნ ლარის პროდუქტი შემოვიდა. შემცირდა ასევე რუსეთიდან იმპორტიც, კერძოდ, 2021 წლის 6 თვეში ჩრდილოეთიდან შემოვიდა 15,336 ტონა მზესუმზირის ზეთი, ჯამში 22,559 მლნ დოლარის ღირებულების, მიმდინარე წლის ანალოგიურ პერიოდში კი 5,489 ტონა, 10225 მლნ დოლარის ღირებულების.

bpn.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share