„ტურისტს არ სჭირდება 365-დღიანი უვიზო რეჟიმი. ტურისტი შემოდის მაქსიმუმ ერთი თვით“, – ამის შესახებ გადაცემა „ანალიტიკაში“ „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა:
„როდესაც ოკუპანტი ქვეყნიდან შემოდიან ადამიანები და შენ ამ დროს გინდოდეს, რომ დააწესო მათთვის სავიზო რეჟიმი, არა იმდაგვარი, რომელიც ტურისტების ნაკადს შეამცირებს, არამედ მოგვცემს საშუალებას რომ რისკები შევამციროთ, ბუნებრივია და ამის საწინააღმდეგო არგუმენტი არ არსებობს.
ტურისტს არ სჭირდება 365-დღიანი უვიზო რეჟიმი. ტურისტი შემოდის მაქსიმუმ ერთი თვით. შესაძლოა წლის განმავლობაში რამდენიმეჯერ მიეცეს მას ქვეყანაში შემოსვლის უფლება, თუმცა მისი ერთი შემოსვლა შეზღუდული იყოს მაგალითად 30 დღით. ეს არის ნორმალური პრაქტიკა, თუ ვსაუბრობთ ტურისტზე. თუ ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანზე, რომელსაც სურს აქ იყოს 360 დღე, ეს უკვე ტურისტი არ არის. მაშინ უნდა გავერკვეთ რა მიზნებით ჩამოდის. ნორმალურ ქვეყანაში, ამ კითხვას სვამს შესაბამისი სამსახურები“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
მისივე თქმით, რუსეთთან სავიზო რეჟიმის დაწესების შემთხვევაში, ქვეყნისთვის შემოსავლებიც გაიზრდებოდა.
„ვიზა რომ იყოს მარტივი გასაცემი და ფასიანი, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, შემოსავალი გაიზრდებოდა. ამასთან, ვიზის გაცემისას უფრო მეტ ინფორმაციას აგროვებ შემომსვლელზე“, – დასძინა მან.