აშშ-ს კონგრესის დელეგაცია გამოუცხადებელი, ორდღიანი ვიზიტით ტაივანში ჩავიდა. ინფორმაციას CNN ავრცელებს და წერს, რომ ვიზიტი 14-15 აგვისტოს შედგება.
გამოცემის ცნობით, დაგეგმილია შეხვედრა ქვეყნის ლიდერებთან, რათა განიხილონ აშშ-ტაივანის ურთიერთობები, რეგიონული უსაფრთხოება, ვაჭრობა და ინვესტიციები, გლობალური მიწოდების ქსელები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც ორმხრივი ინტერესია.
დელეგაციას სენატორი ედ მარკი ხელმძღვანელებს, მას თან ახლავს პალატის წევრები ჯონ გარამენდი, ალან ლოვენთალი, დონ ბეიერ და აუმუა ამატა კოულმან რადევაგენი.
შეგახსენებთ, რომ ჩინეთის მუქარის მიუხედავად, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი და კონგრესმენები ტაივანში 2 აგვისტოს ჩავიდნენ. ეს იყო პირველი შემთხვევა ბოლო 25 წლის განმავლობაში, როდესაც ასეთი მაღალი რანგის ამერიკელი პოლიტიკოსი კუნძულოვან სახელმწიფოს ესტუმრა.
ნენსი პელოსი ტაივანის პრეზიდენტს შეხვდა და განაცხადა, რომ აშშ ტაივანს არ მიატოვებდა. ტაივანის პრეზიდენტმა კი მას აშშ-ის მხარდაჭერის გამო მადლიერების გამოსახატად ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სამოქალაქო ჯილდო გადასცა.
ნენსი პელოსიმ ტაივანი 3 აგვისტოს დატოვა. ტაივანის პრეზიდენტმა Twitter-ზე დაწერა, რომ პელოსის ვიზიტი მსოფლიოს უგზავნის სიგნალს, რომ “დემოკრატები ერთად დგანან” საერთო გამოწვევებისწინაშე.
ცნობისთვის, ტაივანს პეკინი თავის სუვერენულ ტერიტორიად მიიჩნევს, რის გამოც სი ძინპინის მთავრობამ ვაშინგტონი ორჯერ გააფრთხილა, რომ პელოსის იქ ვიზიტს მძიმე შედეგები მოჰყვებოდა.