როგორია რუსული დეზინფორმაცია, რუსული ნარატივები საქართველოსა და მსოფლიოში; როგორ იცვლებოდა ის წლების განმავლობაში; რა საფრთხეებს უქმნის საქართველოს ამერიკის ელჩის წინააღმდეგ დაწყებული ანტიდასავლური კამპანია და რა კითხვებს აჩენს მთავრობის განცხადებები დასავლეთში – ამ თემებზე, საქართველოში „ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის“ ყოფილ დირექტორს და გერმანიის მარშალის ფონდის, “დემოკრატიის დაცვის ალიანსის” ხელმძღვანელს, ლორა თორნტონს ამერიკის ხმა ესაუბრა.
“დასავლეთის ლიდერების მასობრივი კრიტიკა, რუსეთთან დაკავშირებული საკითხების გამო “თითის წვერებზე სიარული”, ბრალდებები, რომ რადგან სხვები რუსეთის წინააღმდეგ მტკიცე წინააღმდეგობას გამოხატავენ, ეს, როგორღაც, საქართველოს ომში ითრევს – არ ვფიქრობ, რომ ჩამოთვლილთაგან რომელიმე ჭკვიანურია. არ ვფიქრობ, რომ საქართველოს მთავრობა თუნდაც შეკითხვებს უნდა სვამდეს ამ თემებთან დაკავშირებით. ვიმეორებ, ძალიან ნათელი უნდა იყოს როგორია მათი პოზიცია. ფაქტი, რომ არსებობს თუნდაც ეჭვები იმასთან დაკავშირებით, ხომ არ არიან ისინი რუსეთის მომხრეები, ძალიან ხელისშემშლელია.
სამართლიანობისთვის უნდა ვთქვათ, რომ საქართველოს მთავრობა ყოველთვის ამბობდა, რომ ისინი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მომხრეები არიან და ეს ისევ არის ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მიმართულება. მაგრამ, რატომ აყენებენ ჩრდილს ამას? რატომ აკრიტიკებენ დასავლელ მეგობრებს და მოკავშირეებს? რატომ არ არიან გაბედულები, როდესაც რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებულ კითხვებზე უწევთ პასუხის გაცემა? მოკავშირეებისთვის ეს მხოლოდ ართულებს საქართველოს მხარდაჭერას. “– ამბობს თორნტონი.
ჟურნალისტის კითხვა ომის დაწყების საქართველოში ჩამოსულ რუსებსაც შეეხო, რომლებსაც ქვეყანაში შემოსვლისას პრობლემა არ აქვთ, ე.წ ტურისტები, იმაზე მეტხანს რჩებიან ქვეყანაში, ვიდრე ხდება ხოლმე. მათი უმეტესობა არც მალავს, რომ საქართველოში ცხოვრობს და მუშაობს. კითხვაზე, რამდენად ჭკვიანური და უსაფრთხოა საქართველოს მთავრობის პოლიტიკა იმ ქვეყნის მიმართ, რომელსაც საქართველოს 20% აქვს ოკუპირებული და უკრაინაში მის მიერ წამოწყებული ომი უკვე მე-6 თვეა გრძელდება, თორნტონი პასუხობს:
ეს ძალიან რთული შეკითხვაა. დაბალანსებული უნდა იყოს კონკრეტული პიროვნებების ადამიანური უფლებები, მოგზაურობის საშუალება და ის, თუ როგორ ექცევი მოწინააღმდეგეს.
რუსებისთვის საქართველოში შესვლის სრულად აკრძალვა, არ მგონია, რომ სწორი ნაბიჯი იქნება. თუმცა, ამის გათვალისწინებით, ვფიქრობ ჭკვიანურია ის, რაც სხვა ქვეყნებმა გააკეთეს: ამოწმებენ როგორია ვიზის გაცემის პროცესი; არიან ისინი [ქვეყანაში შესვლის მსურველები] მთავრობის, ან სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი მედია ორგანიზაციების წევრები?
როდესაც საქართველოს ვუყურებ, ის, რაც მაწუხებს, შეუსაბამობაა. რამდენიმე ისტორია მოვისმინეთ, როდესაც რუსეთის ოპოზიციასთან ასოცირებულ ადამიანებს საქართველოში შესვლა გაუჭირდათ. თუმცა, ისინი, ვინც რუსეთის მთავრობის მიერ კონტროლირებად მედიასთან არიან დაკავშირებულნი, [ქვეყანაში] მარტივად შევიდნენ.
ვფიქრობ, ისეთი კონფლიქტის დროს, როგორიც ახლაა [რუსეთ-უკრაინის ომი] საჭიროა დამატებითი შემოწმების პროცედურები. არ ვფიქრობ, რომ ეს ნიშნავს იმ ინდივიდუალური პირების არ შეშვებას, ვინც შესაძლოა, უკრაინელების მიმართ ძალიან კეთილგანწყობილია. ან რუსეთის ოპოზიციის წევრების, რომლებიც ქვეყნის გარეთ იკრიბებიან, რათა გაძლიერდნენ და ქვეყანაში დემოკრატია დაამყარონ. ასე რომ, ვფიქრობ სიფრთხილეა საჭირო.
ჟურნალისტის კითხვა საქართველოში ანტიდასავლურ კამპანიასაც შეეხო, რომლის შუაგულში ამერიკის ელჩი, კელი დეგნანია მოქცეული. მთავრობის წევრები, “ქართული ოცნების” ყოფილი დეპუტატები მის საწინააღმდეგო განცხადებებს აკეთებენ. მსგავსი კამპანიაა სოციალურ ქსელებშიც, ამბობენ, რომ ელჩი ქვეყანას, საქართველოს მთავრობას პატივს არ სცემს, რომ ამერიკას საქართველოს ომში ჩათრევა უნდა და ა.შ. კითხვაზე, რამდენად საზიანო შეიძლება იყოს ის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობებისთვის, ლორა თორნტონი პასუხობს:
“პირდაპირ რომ ვთქვათ, ეს აღმაშფოთებელია. ვფიქრობ, რომ ეს აღმაშფოთებელი და დამაზიანებელია საქართველოსთვის. ამერიკა კარგად იქნება, მაგრამ საქართველო – არა. ეს მხოლოდ კონკრეტული პარლამენტის წევრები არ არიან, ეს ყველაფერი დიდი ხანია გრძელდება. კრიტიკა ევროკავშირის ელჩის, ევროპარლამენტარების, ამერიკის მისამართით, მოდიოდა [ირაკლი] კობახიძისა და სხვებისგან.
ჩემთვის გაუგებარია, რატომ უნდა გააკრიტიკო ისინი, ვისთან ყოფნასაც აპირებ. თუ თეორიულად შენი საგარეო პოლიტიკის მიზანია, რომ იყო ნატოსა და ევროკავშირის წევრი, რატომ კბენ იმავე ხელს, რომელიც გკვებავს? ეს არაფერში არ ჯდება, ვერ ვხვდები ამას რატომ აკეთებენ. სწორედ ამიტომაა, რომ შემდეგ ხალხი მიდის იმ დასკვნამდე, რომ იქნებ, მათ [საქართველოს მთავრობას] არ სურთ იყვნენ ნატოს, ევროკავშირის წევრები.
ისინი ამას საკუთარ თავს უკეთებენ. კამპანიის შექმნა, სადაც პარლამენტის 4 წევრია, რომლებიც ოფიციალურად არ არიან “ქართული ოცნების” წევრები და ასე ვთქვათ, მიშვებულები არიან, რომ ასეთი [კრიტიკული, მწვავე] ხედვები გააჟღერონ, სრულიად აბსურდულია ჩემთვის.
ვფიქრობ, რომ მთავრობა გზაგასაყარზე დგას, სადაც მათ უნდა გადაწყვიტონ, რა უფრო მნიშვნელოვანია მათთვის – ძალაუფლების შენარჩუნება და ბიძინა ივანიშვილის დაცვა, თუ მათი დასავლური ორიენტაციის მიზნები და დემოკრატია. ორივეს გაკეთება არ მგონია, რომ შეეძლოთ.
როდესაც ევროკავშირმა [საქართველოს] დეოლიგარქიზაციისკენ მოუწოდა, ამან ყველაფერი დაალაგა და ახლა გადაწყვეტილების მიღების დროა. თუმცა, არ ვიცი მთავრობას რას გადაწყვეტს.
დაბნეული ვარ. აკრიტიკებ [დასავლელ პარტნიორებს], ამბობ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ბოლო 30 წლის განმავლობაში საქართველოს ვნებდა, როდესაც სინამდვილეში, ამერიკა საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ახლო მოკავშირეა და ამ ქვეყნისთვის გაცემული აქვს რესურსები, ყურადღება და მხარდაჭერა. ასე რომ, როდესაც ასეთი კრიტიკა ისმის, მაშინ ვფიქრობთ: “კარგი, მათ კურსი შეიცვალეს”.
როდესაც ასეთ მოკავშირეს ასე, საჯაროდ აკრიტიკებ, მე ვიწყებ ფიქრს, რომ საგარეო პოლიტიკაში ცვლილებები იწყება. თუ არსებობს რაიმე სხვა ახსნა, სხვა მიზეზი, რატომ აკეთებენ ამას, მაშინ მისი გაგება მე არ შემიძლია.
მინდა მჯეროდეს, რომ ქვეყანას ისევ აქვს პრო-დასავლური ღირებულებები, მინდა ამის მჯეროდეს. თუმცა, ყველაფერი, რასაც ისინი [საქართველოს მთავრობა] აკეთებენ, საპირისპიროს მიუთითებს. ხალხის დასავლეთის წინააღმდეგ შემოტრიალება პირველი ნაბიჯია, რომელიც თუ უფრო ნეიტრალური, არამიმხრობითი სტატუსისკენ წავა, მაშინ ძალიან შემაშფოთებელი იქნება.“– ამბობს ლორა თორნტონი.