რუსულ ელიტებს შორის უკვე მიდის ბრძოლა პოსტპუტინურ რუსეთში ადგილისთვის–ასეთი მოსაზრება გამოთქვა პოლიტიკურმა ექსპერტმა ტარას ზაგოროდნიმ უკრაინის საინფორმაციო ტელემარათონის ეთერში მოსკოვთან კრემლის იდეოლოგ დუგინის ქალიშვილის აფეთქებასთან დაკავშირებით.
“ჩემი აზრით, ყველაზე მეტად სავარაუდოა, რომ მთავარი სამიზნე თავად დუგინი იყო, იმიტომ რომ რუსეთში, პირველ რიგში ყირიმზე დარტყმებზე რეაქციის არქონის გამო, უკვე ხვდებიან, რომ ბირთვულმა ბლეფმა არ იმუშავა. მათ ესმით, რომ ომი უკვე რუსეთის ტერიტორიაზე, ან იმ ტერიტორიებზე გადავიდა, რომლებსაც ისინი თავისად თვლიან, და უკრაინას ამის გამო ვერაფერი დაუშავეს. ამიტომ რუსეთში უკვე ეძებენ გამართლებას და იმას, თუ ვის დააბრალონ ყველაფერი.
გარდა ამისა, ჩემი აზრით უკვე მიდის ბრძოლა პოსტპუტინურ რუსეთში ადგილების დასაკავებლად. უკვე ფიქრობენ, რა იქნება მაშინ, როცა პუტინს რაღაც მოუვა, რით დაელაპარაკებიან დასავლეთს დეესკალაციაზე. დარწმუნებული ვარ, ასეთი მოლაპარაკებები უკვე მიდის. და აქ უცებ ჩნდება დუგინის ფიგურა, რომელიც ომის ერთ–ერთი იდეოლოგი და აპოლგეტია. ბუნებრივია, ის, როგორც ტოქსიკური ადამიანი, უნდა გაქრეს“– ამბობს ზაგოროდნი.
ექსპერტი დასძენს, რომ რუსეთმა შეიძლება ისარგებლოს სიტუაციით, რათა უკრაინა დაადანაშაულოს ტერორისტული აქტების მომზადებაში და დარტყმებისთვის საბაბი მოძებნოს.
“პარალელურად შეიძლება უკრაინა დაადანაშაულონ ტერორისტულ აქტებში…და მოძებნონ საბაბი, რომ მაგალითად უკრაინის ტერიტორიას დაარტყან. თუმცა, ეს ამბავი “საკუთარ ფეხებში სროლას გავს“, რადგან რუსებს სულ უფრო მეტი კითხვა უჩნდებათ – ანუ უკრაინული სპეცსამსახურები მოსკოვში ასე თავისუფლად იქცევიან?“– ამბობს ექსპერტი.
მისი აზრით, რუსეთის ფედერაციაში რეჟიმის “ყველაზე ტოქსიკური ფიგურების“ ლიკვიდაცია მოხდება.
“იქ არის კიდევ პროხანოვი, ქალბატონი სიმონიანი, სოლოვიოვი. ყველა დანარჩენიც ფრთხილად უნდა იყოს, იმიტომ რომ ისინი რეჟიმის სახეები არიან. ისინი უკვე აღარ არიან საჭირო. პოსტპუტინური ელიტები უკვე ფიქრობენ, როგორ გამოასწორონ ის, რაც პუტინმა დაატრიალა, იმიტომ რომ მათი ცხოვრება, პირველ რიგში დასავლეთთან არის დაკავშირებული. შეხედეთ, რა ისტერიკა აქვთ ტურისტული ვიზების შესაძლო აკრძალვაზე. მათთვის ეს ძალიან მტკივნეული თემაა. ამიტომ, მთელი შიდა ბრძოლა ამასთან იქნება დაკავშირებული“– ამბობს ექსპერტი.