ვლასა მგელაძის მოგონებების ეპილოგში ვკითხულობთ: ,,უნდა ნახოთ ტრია (ვლასას ფსევდონიმი), როცა იგი საომრად გამზადებულ ფიდაებს (რევ. გვარდია) ფაფარგადაყრილი თვალთაგან ცეცხლს აკვესებს. მისი დაჭრილი თითებით ბომბს ათამაშებს და მებრძოლთ ამხნევებს… ის თავრიზის საყვარელი პიროვნებაა” (საუბარია მგელაძის მონაწილეობაზე 1908 წ. სპარსეთის რევოლუციაში, სადაც ბევრი ქართველი მონაწილეობდა – ი.მ.).
გავარდა ხმა, რომ ტრია ვენაშია. აუდიტორია გაჭედილია. სცენაზე ვლასა ლაპარაკობს, მაგრამ ეს არ არის ჩვეულებრივი ლაპარაკი -იგი რუსულს ფლობს, მაგრამ გრამატიკის არაფერი ესმის. მაშასადამე მიმიკით უნდა იბრძოლოს, იბრძოლოს ორატორული ყველა ეშხით, რომ სპარსეთში განცდილი ამბები ზუსტად დახატოს და წარმოიდგინეთ, ის ამას აღწევს… მისი მებრძოლი სულისკვეთება ყველა დაბრკოლებას გადალახავს და ამით განათლებულ მაყურებელს ჰხიბლავს და აღელვებს… მოხსენება სამი საათი გრძელდება და ხანგრძლივი ოვაციების შემდეგ ცნობილი პირები მას ეხვევიან და ესალმებიან. ,,ვლასა გვასახელე” ქართულად გაისმის ჩვენი სტუდენტების ხმა.