ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპიებში შიდა აუდიტმა ფინანსური დარღვევები და ხელმძღვანელ პირთა მხრიდან უკანონო საქმიანობები აღმოაჩინა.
ფინანსური დარღვევებისა და ხელმძღვანელ პირთა მხრიდან თანამშრომლებთან კანონსაწინააღმდეგო ქმედებებზე საუბარია დასკვნაში, რომელიც ამ დღეებში გასაჯაროვდა
საქმე ეხება ლანჩხუთის კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანებას, სადაც მუნიციპალიტეტის 10-ზე მეტი ორგანიზაცია -კულტურის სახლი, ბიბლიოთეკები, მუზეუმებია გაერთიანებული.
როგორც, აუდიტის დასკვნაშია ნათქვამი წლების განმავლობაში ამ ორგანიზაციაში საქმიანობა, როგორც ფინანსური, ასევე, საკადრო პოლიტიკა დარღვევებით მიმდინარეობს.
უწყებას ბათუმის თეატრის თანამშრომელი, დავით წერეთელი ხელმძღვანელობს, როგორც ადგილზე ამბობენ ის მერთან დაახლოებული პირია და მიუხედავად იმისა, რომ მერს მისი უკანონო საქმიანობის შესახებ რამდენიმე თანამშრომელმა ესაუბრა, ალექსანდრე სარიშვილი რამდენიმე წელია მისი დაცვითაა დაკავებული.
სარიშვილის წინააღმდეგ გადაწყვეტილებას ადგილობრივ ოპოზიციაშიც ითხოვენ, სადაც მიიჩნევენ, რომ ამ დაწესებულებაში მიმდინარე პროცესები საგანგაშოა.
ყოფილი თანამშრომლები დირექტორს ერთპიროვნულ და უკანონო მმართველობაში ადანაშაულებენ, განსაკუთრებით დირექციის მიერ განხორციელებული საკადრო და ფინანსური პოლიტიკის გამო.
თავად წერეთელი კომენტარზე უარს აცხადებს, ხოლო დაწესებულებაში აცხადებენ, რომ აუდიტის რეკომენდაციებს გაითვალისწინებენ.
- ანზორ როყვა, ბუღალტერი: “ბევრ რაღაცაში ვეთანხმები აუდიტს, ბევრ რაღაცაში არ ვეთანხმებით. რა თქმა უნდა შესაბამის ზომებს გავატარებთ. გავითვალისწინებთ იმ რეკომენდაციებს, რაც მოცემულია. არ არის ეს ისეთი დასკვნა, რომ ამით პროკურატურა დაინტერესდეს. რა ორასი ათასზეა ლაპარაკი, მივლინება იყო სულ, ათი ათასი ლარი”,- უთხრა “გურიის მოამბეს” როყვამ.
- გია იმნაიშვილი, კულტურის სახლის ყოფილი დირექტორი:”თავიდანვე ამაზე ვსაუბრობდით,რომ დანაშაულებები არ მომხდარიყო. უკანონობა იყო თავიდანვე, მელის ნადირიძის გათავისუფლება, ჩემი გათავისუფლება, რაც სასამართლომ თავისთავად უკანონოდ სცნო. ჩვენ ვესაუბრეთ ლანჩხუთის მერს, ბატონ ალექსანდრეს და ვუთხარით, რომ წერეთლის წინააღმდეგ იყო ეს ყველაფერი, მაგრამ წესიერად არ მოგვისმინა. ახლა მივედით იმ შედეგამდე, სადამდეც მივედით. კულტურაში ყველაფერი ისე კი არ ხდებოდა, როგორც საჭირო იყო, არამედ როგორც წერეთელს უნდოდა. საერთოდ მიწასთან გაასწორა ქორეოგრაფია, სახელმწიფოს ანსამბლის დონეზე მიყვანილი ანსამბლი, საერთოდ არ არსებობს. არაჩვეულებრივი ბენდი ჰყავს, მაგრამ არავის არაფერში მონაწილეობას არ აღებინებს. კულტურის სამსახურის უამრავი თანამშრომელი ჩვეულებრივად ჰყავდა დატერორებული, რასაც უბრძანებდა, იმას აკეთებინებდა. ყველაფერს თვითონ ერთპიროვნულად წყვეტდა. ჩემი ხედვები მას საერთოდ არ აინტერესებდა. ყველაფრის მცოდნე იყო?! ა, თუ იყო გამოჩნდა აგერ დასკვნაში. აგერ მაგალითად, ავთო მახარაძე ჩოხატაურიდან ხარო და გაუშა სახლში, მელის ნადირიძეს ოზურგეთელობა დაუწუნა. დაიღალა ხელოვანი ხალხი ამდენი პრობლემით და შეურაცხყოფით”,-აღნიშნა იმნაიშვილმა.
- მამუკა ვადაჭკორია,ლანჩხუთის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი – სამი თვე ვაწარმოებდით ამ საქმის კვლევას, გვაქვს ჩვენი დასკვნები და რეკომენდაციები. სამსახურში მიმდინარე სამუშაო პროცესებთან დაკავშირებით. რაც შეეხება პოლიციასა და პროკურატურას, მათი მხრიდან რეაგირება ჩვენ არ გვეხება”,-ამბობს ვადაჭკორია.
- ბიძინა იმნაიშვილი, ვიცე მერი – “ჩემი პირადი მოვალეობა არ არის ეს რომ დასკვნაზე პასუხი გაგცეთ. ამაზე იურიდიული სამსახური გიპასუხებთ. ჩემი პოზიცია ის არის, რომ თუ კი რამე დანაშაული გამოიკვეთება, ყველამ პასუხი უნდა აგოს”.-ამბობს იმნაიშვილი.
- აუდიტის სკანდალურ დასკვნას ეხმაურებიან ოპოზიციაშიც. საკრებულოს დეპუტატი ენმ-დან, კახა ასკურავა მიიჩნევს, რომ დავით წერეთლი სამსახურიდან დიდი ხნის წინ უნდა გაეთავისუფლებინათ, მას შემდეგ , როცა მან თანამშრომლების მიმართ დისკრიმინაციული დამოკიდებულება გამოიჩინა. “არაერთხელ მოვითხოვე ლანჩხუთის მერისგან, მაგრამ ის სარიშვილის მეგობარია და ყველა შემთხვევაში მას იცავდა. კაციშვილი პატრონი არ ჰყავს კულტურის ცენტრს, არის სრული “დურდომი”, ისე იხარჯება მილიონები, რომ არავინ ამ აღრიცხვას იქ არ აწარმოებს. სააკაშილისთვის ტორტის მირთმევის გამო, გორის ჰოსპიტალიდან ექიმები გამოყარეს და მილიონების მფლანგველები ხელუხლებლები არიან, აი ასეთი მდგომარეობაა დღეს ლანჩხუთში და საქართველოში”,-განაცახადა ასკურავამ.