ხმაური იყო ცოტა ხნის წინ ოზურგეთის მერიაში. შელაპარაკება “ნაციონალური მოძრაობის” წევრების ბრიფინგს მოჰყვა. ისინი საბავშვო ბაღების თანამშრომლების სახელფასო ანაზღაურების გაზრდას ითხოვენ. ოზურგეთში იმყოფება პარლამენტის წევრი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” ლევან ხაბეიშვილი, რომელიც ცდილობდა მერისთვის და მისი მოადგილისთვის შეეხსენებინა ის დაპირება, რომელიც მათ გასულ წელს გასცეს და ბაღების 843 თანამშრომელს ხელფასების ზრდას დაპირდნენ, თუმცა ეს დაპირება არ შესრულდა. ეს იმ ფონზე, როცა თავად გურიის ადგილობრივმა ხელისუფლებამ ხელფასები 50 % გაიზარდა:
“კითხვა გვაქვს მარტივი , 843 ბაღის თანამშრომელს რომ დაპირდნენ ანაზღაურების მომატებას იანვრიდან, რატომ არ უმატებენ. ესო განგრძობითიაო, ჩვენო დავპირდით და როდისმე მოვუმატებთო ვიცე-მერი გვეუბნება და არ დაგვავიწყდეს, მოსახლეობამ უნდა იცოდეს, 200 ლარად მუშაობენ ბაღის თანამშრომლები, 180, 220, 300 ლარია მაქსიმუმ მათი ანაზღაურება. მათ არ უმატებენ და ამასობაში მაგალითად, საკრებულოს თავჯდომარის 3000 ლარიანი ანაზღარურება ხდება 4500 ლარი, 2600 ლარიანი მოადგილის ანაზღაურება ხდება 3400 ლარი, საკრებულოს თავმჯდომარეს 50% ეზრდება და ბაღის თანამშრომლებს 20 ლარს არ უმატებენ” – აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.
აღნიშნულ ფაქტზე პასუხის მიღება “ნაციონალური მოძრაობის” ადგილობრივი წევრები ოზურგეთის ვიცე-მერისგან შეეცადნენ, თუმცა გიორგი ღუჯუმელიძეს კონკრეტული პასუხის გაცემა გაუჭირდა:
”ბიუჯეტში რომ არ გაქვთ შეტანილი ბაღის თანამშრომლებისთვის ხელფასების მატება, მაშინ ჩინოვნიკებს მოაკელით და შეძლებთ ამას? შეძლებთ, რომ თქვენს ხელფასებზე უარი თქვათ და ბაღის თანამშრომლებს მოუმატოთ? ” – ამ კითხვით მიმართა ლევან ხაბეიშვილმა ვიცე-მერს, რაზეც რა თქმა უნდა, კონკრეტული პასუხი ვერ მიიღო.