გურიის გუბერნატორად ხვალ გიორგი ურუშაძე უნდა წარადგინონ.
გიორგი სახოკიას შემცვლელზე ბევრი არაფერია ცნობილი.
როგორც გავარკვიეთ, მას არათუ გურიაში, არამედ მშობლიურ ოზურგეთშიც კი არ იცნობენ. ახლო გარემოცვის გარდა მასზე ვერავინ ვერაფერს ამბობს, რადგან ამ დრომდე გიორგი ურუშაძის სახელი და გვარი არავის არც კარგად სმენია და არც ცუდად.
მეტნაკლებად იციან მამამისი _ ნუგზარ ურუშაძის შესახებ, რომელიც ვანო ჩხარტიშვილის მარჯვენა ხელის, ლევან სკამკოჩაიშვილის ე.წ. “ზაფხოზი” იყო. საკმაოდ დადებითად ხასიათდება მისი დედა, რომელიც პედაგოგია პირველ საჯარო სკოლაში… აი, რაც შეეხება ახალგამომცხვარ გუბერნატორს, მასზე ბევრი ვერაფრის გაგება შევძელით.
_ კაცი არსაიდან, _ ასე აფასებენ ახალ გუბერნატორს არამხოლოდ ოპოზოციაში, არამედ მმართველ გუნდში, სადაც ამ ინფორმაციამ სრული შოკი გამოიწვია: _ მამისი პარტიაში მომმარაგებელი იყო. ვხედავდით ხან ფურცლები მოჰქონდა, ხან საკვები… მეტი არაფრის თქმა შეგვიძლია. ისიც კი არ ვიცოდით მისი შვილი სად მუშაობდა. არჩევნებზეც კი არ ჩამოდიოდა გურიაში და უცებ გუბერნატორად მოგვევლინა. არ ვიცით რა უნდა ვთქვათ, _ აღნიშნავენ “ოცნების” წევრები.
როგორც გავარკვიეთ, ურუშაძეს მოადგილეც შერჩეული ყავს _ ბეჟან ნაკაიძე, რომელიც ამ დრომდე ბიზნესით იყო დაკავებული და რამდენიმე სკანდალურ ტენდერშიც კი ფიქსირდება მისი გვარი (მაგალითად ზოტის საბავშვო ბაღი)…
ჩვენ ყველა დეტალის გადამოწმებას და უფრო მეტი ინფორმაციის მოპოვებას გიორგი ურუშაძესთან ვეცადეთ, მაგრამ უშედეგოდ. ის ჩვემს ზარებს არ პასუხობს…
ჯერ არ წარდგენილი გუბერნატორი, რომელსაც, როგორც აღვნიშნეთ “კაცი არსაიდან” შეარქვეს, როგორც ჩანს პოლიტიკურ მოღვაწეობას მედიასთან არცთუ კარგი ურთიერთობით იწყებს…