ჩემთვის, როგორც რიგითი ქართველისათვის, სასიხარულო და საამაყოა, რომ ჩვენმა ხალხმა, ისტორიულად ძალზე ხანმოკლე პერიოდში, უნიკალური გამოცდილება და უნარები შეიძინა”,- ნათქვამია ,,ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მიერ დღეს გამოქვეყნებულ წერილში.
ბიძინა ივანიშვილის თქმით, პოლიტიკური ლიდერების მიმართ მიამიტურად და ბრმად ნდობის პრაქტიკაც საბოლოოდ ჩაბარდა წარსულს და ამიერიდან, ნებისმიერი ხელისუფლება მუდმივად იქნება საზოგადოების დემოკრატიული ზედამხედველობისა და კონტროლის ალყაში.
როგორც წერილშია აღნიშნული, უცნაური და უჩვეულოა, რომ თავისდა უნებურად და, ცხადია, აბსოლუტურად გაუაზრებლად, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეასრულა მთავარი როლი საზოგადოების საბოლოოდ გამოღვიძების საქმეში და სწორედ მათი ბარბაროსული მმართველობის დროს ადამიანებმა მკაფიოდ და ნათლად დაინახეს, რომ თუ ოდნავ მოადუნებ ყურადღებას, უკრიტიკოდ დაუჯერებ ლამაზად შეფუთულ და პოპულისტურ დაპირებებს, ვინმეს ჯინაზე მიიღებ ემოციურ და სულსწრაფ გადაწყვეტილებას, შესაძლებელია საკუთარი ხელით აირჩიო ისეთი ხელისუფლება, რომელიც მტერზე გაცილებით უარესად, სასტიკად და დამამცირებლად მოგექცევა, დაჟინებით შეეცდება გადაწეროს შენი ისტორია, შეარყიოს ეროვნული ღირებულებები.
„ჩემი ღრმა რწმენით, ესაა ჩვენ მიერ ბრძოლით მოპოვებული სიმდიდრე, რასაც, იმედი მაქვს, რაც არ უნდა ეცადონ, ვერავინ წაშლის და გააქრობს. არასდროს დამავიწყდება, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა საპარლამენტო არჩევნებში, რამდენიმე ჩემმა ახლობელმა და მეგობარმა მითხრა, ჩვენ გენდეთ და მხარდაჭერა გამოგიცხადეთ, ახლა შენ უნდა მიხედო ქვეყანასო. არ დავმალავ და, ამ სიტყვებმა მაშინ ჩემზე მძიმე შთაბეჭდილება დატოვა. პასუხისმგებლობის სხვისთვის გადაბარება საბჭოთა აზროვნების ტიპური ნიმუშია. ხელისუფლების მიმართ სიფხიზლე და კონტროლი ხალხმა არასდროს არ უნდა შეასუსტოს. ახლა ჩვენი საზოგადოება არსებითად შეცვლილია. დღეს ის თავისი პოლიტიკური სიმწიფითა და თვითშეგნებით დემოკრატიის ხანგრძლივი ტრადიციის მქონე ევროპული ქვეყნების საზოგადოებათა მსგავსია. ავტოკრატიის მიმართ ხალხმა გამოიმუშავა იმუნიტეტი, ის გახდა უფრო მამაცი, დინამიკური, აქტიური და შეუპოვარი, ამიტომ, არა მხოლოდ ცხრა წელი, ცხრა კვირაც კი აღარ შეეგუება ხელისუფლების მხრიდან ჩაგვრას, დაშინებას, შევიწროებას, მის თავაშვებულობასა და თვითნებობას. ამიერიდან, ვერც ერთი ხელისუფლება ვეღარ იხილავს დანებებულ და ხელებაწეულ საზოგადოებას. მჯერა, რომ პოლიტიკური ლიდერების მიმართ მიამიტურად და ბრმად ნდობის პრაქტიკაც საბოლოოდ ჩაბარდა წარსულს. ამიერიდან, ნებისმიერი ხელისუფლება მუდმივად იქნება საზოგადოების დემოკრატიული ზედამხედველობისა და კონტროლის ალყაში“,- აღნიშნულია წერილში.