6 სექტემბერს პარლამენტში საშემოდგომო სესია დაიწყება. პროცესში ჩართვას გეგმავს ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია – „ნაციონალური მოძრაობაც“ და, პარალელურად, ქუჩის პროტესტისთვისაც ემზადება. პარტიაში არ იზიარებენ შეფასებებს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი ქრება და ოპოზიცია ამომრჩევლების დაკვეთას დაშორდა.
ზაფხულის განმავლობაში, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების საქმიანობას ხშირად აკრიტიკებდნენ ექსპერტები და მიძინებული პოლიტიკური პროცესის შესახებ მიუთითებდნენ. ივნის-ივლისში სამი ხალხმრავალი აქციის შემდეგ, ძირითადი ყურადღება პარლამენტისკენ, ევროკომისიის 12-პუნქტიან რეკომენდაციებზე მუშაობის პრობლემური პროცესისკენ იყო მიმართული.
„ქართული ოცნების“ მიერ შექმნილ ჯგუფებში მხოლოდ რამდენიმე ოპოზიციური პარტია ჩაერთო. სხვები, და მათ შორის – „ნაციონალური მოძრაობა“, მუშაობას დამოუკიდებლად განაგრძობდნენ. „ქართული ოცნება“ პირობას დებს, მაგრამ ოპოზიციის უდიდეს ნაწილს არ სჯერა, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად აუცილებელი 12 პუნქტი შესრულდება.
- რას აპირებს ოპოზიცია იმ შემთხვევაში, თუკი ხელისუფლება არ შეასრულებს ევროკავშირის 12 რეკომენდაციას?
„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ რადიო თავისუფლებას ეუბნებიან, რომ, საშემოდგომო სესიის დაწყების შემდეგ, პარტია აპირებს, ერთი მხრივ, წარადგინოს საკუთარი კანონპროექტები ევროკომისიის ყველა რეკომენდაციის შესაბამისად და, მეორე მხრივ, დაელოდოს „ქართული ოცნების“ კანონპროექტებს.
„თუკი [„ქართული ოცნების“ მიერ] შესაბამისი კანონმდებლობა არ იქნება შემოტანილი, ვფიქრობთ, პოლიტიკურ პარტიებსაც და მთლიანად საზოგადოებასაც, რჩება ორი გზა, ეს არის საჯარო პროტესტი და ვადამდელი არჩევნები… ასეთ შემთხვევაში ჩვენ ჩავთვლით, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სრულად ამოწურა რესურსი – მას აღარ შეუძლია საქართველოს ევროპისკენ წაყვანა და კარს უკეტავს ევროპას“, – ეუბნება რადიო თავისუფლებას ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრი, ნუგზარ წიკლაური და იქვე ამატებს, რომ პარტია საჯარო პროტესტისთვის აქტიურად ემზადება და სხვა პარტიებიც, მისი ინფორმაციით, „განიხილავენ ასეთ შესაძლებლობას“.
რას ნიშნავს “აქტიური მზადება”?
„მთელი ზაფხული არ გაჩერებულა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისი. პრაქტიკულად ყოველდღე გვქონდა დიდი შეხვედრები… პარტიული სტრუქტურების გარდა, ჩვენ მნიშვნელოვნად ვთვლით იმ ადამიანებთან ურთიერთობას, რომლებიც უკვე ხედავენ, რომ ევროპული გზა და „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა შეუთავსებელია ერთმანეთთან… ჩვენი კვლევით, 10%-მდეა შემცირებული მათი რიცხვი, ვისაც სჯერა, რომ შესაძლებელია თან „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა და თან ევროპული გზა“, – გვიპასუხებს წიკლაური.
საპროტესტო აქციების პერსპექტივებს განიხილავს როგორც „ლელო“, ასევე „სტრატეგია აღმაშენებელი“. „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელი, „რეფორმების ჯგუფის“ აპარატის ხელმძღვანელი, სერგო ჩიხლაძე ამბობს, რომ განიხილება ყველა პარტიასთან თანამშრომლობა, „რომელიც თვლის, რომ „ქართული ოცნება” აზიანებს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს და არის პროდასავლური ორიენტაციის”.
ოპოზიციური პარტიები, მათ შორის – „ნაციონალური მოძრაობა“, არ განიხილავენ საპარლამენტო ბოიკოტს.
ენმ-ის ფრაქციის თავმჯდომარის, ხატია დეკანოიძის თქმით, მუშაობა მინდინარეობს შესაბამის კანონპროექტებზე, რომლებიც აუცილებელია ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესასრულებლად და ხელისუფლებამ არ უნდა მოახდინოს მათი იგნორირება, საშემოდგომო სესიის დაწყების შემდეგ.
„თუ ხელისუფლებას აინტერესებს ის, რომ 12 პუნქტი შესრულდეს, მაშინ კომიტეტებსა და სხდომებზე ერთობლივად უნდა იქნას განხილული ის ინიციატივები, რომლებსაც წარადგენს ოპოზიცია. მათ შორის ეს ეხება ფართო ინკლუზიურ პროცესს სამოქალაქო სექტორთან ერთად“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ 29 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე.
radiotavisupleba.ge