100 დღე ტყვეობაში – უკრაინულმა მედიამ “აზოვის” ბატალიონის ერთ-ერთი მებრძოლის ფოტო მოიპოვა, რომელიც არაღიარებული დონეცკის ციხის საკანშია გადაღებული. ფოტოზე ნათლად ჩანს, როგორ პირობებში არიან მარიუპოლის მცველები რუსეთის კონტროლირებად ტერიტორიაზე.
პარალელურად რუსი სამხედრო ტყვეების ვიდეოს ავრცელებს უკრაინული მხარე. ქვეყნის პრეზიდენტი კი ამბობს, რომ რუს სამხედროებს გადარჩენისთვის მხოლოდ ორი გზა აქვთ – ან გაიქცნენ, ან ტყვედ ჩაბარდნენ. ვოლოდიმირ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ უკრაინა მალე ყველა ოკუპირებულ ტერიტორიას დაიბრუნებს.
უკვე მეორე დღეა ხერსონში ფრონტის ყველაზე ცხელი ხაზია. მას შემდეგ რაც 4 მთავარ სოფელზე კონტროლი დაამყარეს, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევა ხერსონის ოლქში რამდენიმე მიმართულებით გააგრძელეს. გუბერნატორი მშვიდობიან მოქალაქეებს თავშესაფრებში ყოფნისკენ მოუწოდებს.
სასტიკი ბრძოლა უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, ბახმუტსა და ავდიივკაშიც მიმდინარეობს, უკან არ იხევს კრემლიც. მოსკოვი ისევ ბომბავს სამიზნედ არჩეულ ხარკივს. ქალაქის ცენტრზე განხორციელებულ ბოლო თავდასხმას 4 ადამიანი ემსხვერპლა, 20-მდე მშვიდობიანი მოქალაქე კი დაშავდა. ხარკოვის გარდა, საოკუპაციო ძალებმა ოლქის 14 დასახლებული პუნქტიც დაბომბეს, არიან დაშავებულები.
ოკუპანტებმა იერიში მიიტანეს კრამატორსკის ცენტრის საცხოვრებელ კორპუსებზეც, არიან დაჭრილები. იქ მაშველები ამ დრომდე ცდილობენ ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების გადარჩენას. დაიბომბა ქალაქი ნიკოპოლიც, სადაც 1 ადამიანი დაიღუპა. რუსეთის საოკუპაციო ძალებმა იერიში დღეს ისევ მიიტანეს ქალაქ მიკოლაივზე, კვლავ მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსებზე.
აფეთქებების ფონზე გათენდა დღეს ანექსირებულ ყირიმშიც. დაშავებულების შესახებ რუსული მედია ინფორმაციას არ ავრცელებს. კრემლი დუმს ზაპოროჟიეს ოლქთან დაკავშირებითაც, სადაც ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენლები უკვე ჩავიდნენ. სპეციალურმა ჯგუფმა ევროპის უდიდეს ატომურ ელექსტროსადგურში არსებული ვითარება ადგილზე უნდა შეისწავლოს.
“რუსთავი 2”