სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2022 წლის იანვარში საქართველოს მოქალაქეობა რუსეთის 74 მოქალაქეზე, ხოლო თებერვალში 98 მოქალაქეზე გაიცა. მარტის თვეში აღნიშნული მაჩვენებელი 43-მდე შემცირდა, თუმცა შემდეგ თვეებში აღნიშნული მაჩვენებელი იზრდება. მაგალითად, 2022 წლის ივნისის თვეში საქართველოს მოქალაქეობა რუსეთის 162-მა მოქალაქემ, ივლისის თვეში 136-მა მოქალაქემ მიიღო. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით რუსეთის 551 მოქალაქეს მიენიჭა.
„2019-2022 წლებში საქართველოს მოქალაქეობის მიმღებ პირებს შორის რუსეთის მოქალაქეები მნიშვნელოვნად ჭარბობს. 2019 წელს საქართველოს მოქალაქეობა (საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის გარდა) 1 219 რუსეთის მოქალაქეს მიენიჭა. 2020 წელს ეს მაჩვენებელი 629-მდე შემცირდა, ხოლო 2021 წელს 1 342-მდე გაიზარდა. 2022 წლის 7 თვის მდგომარეობით, საქართველოს მოქალაქეობა რუსეთის 723 მოქალაქეს მიენიჭა.
საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების სტატისტიკური მონაცემების ანალიზი აჩვენებს, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეობა უმეტესწილად რუსეთის მოქალაქეებს ენიჭებათ. რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოს მოქალაქეობის მიღების სურვილის კიდევ მეტად ზრდა მოსალოდნელია 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ შექმნილი სიტუაციის (მოსალოდნელი გრძელვადიანი სანქციები, განსხვავებული შეხედულებების მქონე პირების დევნა და სხვა) გათვალისწინებით,“ – აღნიშნულია IDFI-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციის ინფორმაციით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საქართველოს მოქალაქეობა მიიღო უკრაინის 8 მოქალაქემაც.