მარიუპოლიდან დევნილი 87 წლის ზინაიდა ბუკრეევა შაბათის ფორმულასთან საუბარში, მშობლიურ ქალაქში განვითარებულ მოვლენებს იხსენებს და ამბობს, რომ მსგავსი ვითარება ლენინგრადის ბლოკადის დროსაც არ ახსოვს.
მისი ხუთსულიანი ოჯახი დონეცკის გავლით, ლარსიდან საქართველოში შემოვიდა. მათი ამჟამინდელი თავშესაფარი თბილისია.
“როგორც ჰიტლერი ისე მოგვექცა… 24-ში დილის 04:00 საათზე დაიწყო დაბომბვები. ქალაქი განადგურებულია. ლენინგრადის ბლოკადაში მოვყევი, მაგრამ იქაც კი ასეთი რამ არ ყოფილა, რაც მარიუპოლში. ჩემი შვილიშვილი სროლების დროს წყლის მოსატანად იყო წასული, რადგან ქალაქში აღარაფერი არის, არც საკვები, არც წყალი…სარდაფში ვიმალებოდით 10 დღე. სიბნელეში სიცივეში…საკვებს ქუჩაში ამზადებდა სროლების დროს ჩემი შვილიშვილი. ვერ ვახერხებდით წასვლას, არსად არ გვიშვებდნენ. ადამიანებს არსად უშვებდნენ სამხედროები. ხალხი მშიერია. ქალაქი მკვდარია… ჩვენ კი გამოვაღწიეთ, მაგრამ დავკარგეთ ჩემი 56 წლის ქალიშვილი, რომელიც მარიუპოლში დარჩა. არ ვიცით ცოცხალია თუ არა. ცხედრები პირდაპირ ქუჩაში ყრია, გაიხრწნენ, რამდენიმე დღე ასე იყვნენ. შემდეგ მოვიდნენ სამხედროები და იქვე, სახლების გვერდით, ეზოებში დამარხეს”, – აღნიშნა ბეკრეევამ.
87 წლის ქალი ბოლო გაჩერებას პოლონეთში გეგმავს, სადაც შვილები და შვილიშვილები ელოდებიან. თუმცა, ომს გამოქცეული საჭირო დოკუმენტაციის გარეშეა, რის გამოც გამგზავრება ჭიანურდება. უკრაინის საელჩო ამ ეტაპზე საკუთარ მოქალაქეებს პასპორტების პრობლემის მოგვარებაში ვერ ეხმარება.
“ღამღამობით ვტირი. როდის წავალ აქედან, შეიძლება 1 თვეც მოგიწიოთ აქ დარჩენაო. როგორ ვიცხოვროთ, არაფერი გვაქვს – არც ფული და დღეში ერთხელ ვჭამთ”, – ამბობს ქალი.