“ომის დასასრულზე საუბარი ჯერ ნაადრევია”– თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და აღნიშნა, რომ ნაადრევია იმის თქმა, რომ ომის ტალღა შემობრუნდება, მიუხედავად უკრაინული ძალების მიერ ამ თვეში სწრაფი ტერიტორიული მიღწევებისა და წარმატებული კონტრშეტევების.
უკრაინის ლიდერმა Reuters-თან ინტერვიუში, ასევე, განაცხადა, რომ რუსეთთან ომის შედეგი, რომელიც უკვე მეშვიდე თვეა მიმდინარეობს, მისი ქვეყნისთვის უცხოური იარაღის სწრაფ მიწოდებაზეა დამოკიდებული.
ზელენსკიმ რუსეთი უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთში სამხედრო დანაშაულების ჩადენაში დაადანაშაულა და სიტუაცია ბუჩაში ოკუპანტების მიერ ჩადენილ სისასტიკეს შეადრა.
“დღეს მდგომარეობით, მიკვლეულია 450 გარდაცვლილი ადამიანის სამარხი. მაგრამ არის სხვები. ნაწამები მთელი ოჯახი გარკვეულ ტერიტორიებზე”, – თქვა ზელენსკიმ.
კითხვაზე, იყო თუ არა მტკიცებულებები ომის დანაშაულების შესახებ, მან თქვა: „ეს ყველაფერი არსებობს… არის გარკვეული მტკიცებულებები და ტარდება შეფასებები, უკრაინული და საერთაშორისო და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, მსოფლიომ ეს უნდა აღიაროს”.
Reuters წერს, რომ პარასკევის ინტერვიუ შედგა პრეზიდენტის ოფისში, მკაცრად დაცულ სამთავრობო ოლქში, რომელიც ახლა ციტადელს ჰგავს ზელენსკის და მისი მრჩევლებისთვის. შენობის ლაბირინთული, მკრთალად განათებული დერეფნების ფანჯრებში ქვიშის ტომრები იყო დაწყობილი.