ქალაქ ოზურგეთში 1904 წლის 22 მარტს ჩატარებული არჩევნები და არჩეული ხმოსნები

გურიაში მე-19 საუკუნის დასასრულს რუსეთის იმპერატორის დადგენილების მიხედვით დაარსებულ “თვითმმართველობაში” დღეს არსებულზე გაცილებით უფრო დადებითად საინტერესო პროცესები მიმდინარეობდა. 1904 წელს ოზურგეთში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით მაშინდელ ქართულ პრესაში გავრცლებული ინფორმაციიდან ჩანს, რომ არჩეულნი იყვნენ თვითკმარი ანუ შემოსავლიანი და თავიანთ საქმეში წარმატებული ოზურგეთის მოქალაქეები. ასეთი პრინციპის დანიშნულება კი გახლდათ (და ამჟამადაც ასე უნდა იყოს), რომ შემოსავლიან და წარმატებულ მოქალაქეებს თავიანთი ფუნქციის შესრულებისათვის არ მოეთხოვათ რაიმე სახის პრივილეგია, ანაზღაურება ან რაიმე სახის ხარჯი ღარიბი თანამოქალაქეებისაგან.
ამ მხრივ საინტერესოა 1904 წლის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებულია ქალაქ ოზურგეთში ჩატარებული არჩევნების შედეგები, რომელშიც მითითებულია ვინ იქნენ არჩეულნი ხმოსნებად და ასევე რაც ჩემთვის ყველაზე საინტერესო გახლდათ მითითებულია ყველა ხმოსნის პროფესია და საქმიანობა.
მხოლოდ ერთზე, ისიც ხმოსნობის კანდიდატზეა და არა არჩეულზეა მითითებული – „არაფერი მოხელე არ არის“. ჩემი აზრით მაშინდელი ოზურგეთელი ხმოსნები აშკარად აკმაყოფილებდნენ თვითთმართველობის ერთერთ ძირითად პრინციპს – ანაზღაურების გარეშე მოვალეობის შესრულებას ანუ ე.წ. – „აუანაზღაურებლობის პრინციპს“. ასევე საინტერესოა ის, რომ ქალაქის ყოფილმა თავმა ცეცხლაძემ და საქმის მწარმოებელმა ჯაყელმა თავად აღარ ისურვეს არჩევნებში მონაწილეობა და მადლობა იქეთ გადაუხადეს ოზურგეთელებს.
.
გაზეთი ცნობის ფურცელი 1904 წლის 28 მარტი – „22 მარტს მოხდა ქალაქის რწმუნებულთა არჩევნები. არჩევნების დაწყებამდე თავმჯდომარემ წაუკითხა კრებას ქალაქის დებულების შესაფერისი მუხლი.
კანდიდატებად დასახლებულნი იქნენ 67 კაცი, ამათში 21 ისურვა ყუთის დადგმა. სულ ამოსარჩევი იყო 15 რწმუნებული და 5 მათი კანდიდატი. დ. ცეცხლაძემ (ქალაქის მოურავი) ყუთის დადგმაზე უარი სთქვა და საზოგადოებას მადლობა გამოუცხადა. უარი განაცხადა ასევე ივ. ჯაყელმა (ქალაქის გამგეობის საქმის მწარმოებელმა)“
.
გაზეთი „ივერია“ – 1904 წლის 2 აპრილის ნომერში გამოქვეყნებული მასალა (მითითებულია რამდენი თეთრი და შავი კენჭი ამოუვიდათ):
„ქ. ოზურგეთი (ახლად არჩეულ ხმოსანთა ვინაობა:
1. თავადი ნიკო თავდგირიძე (185 თ. 10 შ.) ყოფილი ოზურგეთის ქალაქის მოურავი.
2. ვასილ სოფრომის ძე ხუნდაძე (177 თ. 17 შ.), პროვიზორი საკუთარი აფთიაქი აქ.
3. თეოფილე იოსების ძე გოგიტიძე (163 თ. 32 შ.) ადგილობრივი ფოსტის მოხელე.
4. დომენტი შევარდენის ძე შავიშვილი (161 თ. 33 შ.) ადგილობრივი ვაჭარი.
5. რაჟდენ ლევანის ძე წუწუნავა (160 თ. 34 შ.) ოზურგეთის ეტლთა წარმოების ამხანაგობის მმართველი.
6. სოლომონ კაციას ძე ხონელია (149 თ. 45 შ.), ბათუმის ქალაქის თვითმმართველობაში ნამსახური.
7. მანასე მაქსიმეს ძე თოთიბაძე (149 თ. 45 შ.) ოზურგეთის მომრიგებელ სასამართლოს განყოფილების მოხელე.
8. დიომიდე ივანეს ძე სალუქვაძე (147 თ. 47 შ.) ადგილობრივი ვაჭარი.
9. ომაინ ბეჟანის ძე ნაკაიძე (140 თ. 54 შ.) აქაურ ვაჟთა საქალაქო სასწავლებლის სამხედრო ვარჯიშობის მასწავლებელი.
10. გრიგოლ სიმონის ძე თენიეშვილი (136 თ. 58 შ.) აქაური ვაჭარი.
11. ნიკო გ. ჩხაიძე (135 თ. 59 შ.) ადგილობრივი ვაჭარი.
12. პლატონ ალმასხანის ძე ბერიძე (134 თ. 59 შ.) ვექილი.
13. იოსებ ალექსანდრეს ძე ხომერიკი (132 თ. 62 შ.) ადგილობრივი ვაჭარი.
14. კონსტანტინე ქაიხოსროს ძე კვაშალი (132 თ. 62 შ.) აქაური ვაჭარი.
15. ნიკო სვიმონის ძე თაყაიშვილი (129 თ. 65 შ.) მილიციის პრაპოშჩიკი.
კანდიდატები:
1. კონსტანტინე თარხანის ძე სიამაშვილი (115 თ. 19 შ.) ადგილობრივი ვაჭარი.
2. გიგილო სიმონის ძე გედევანიშვილი (110 შ. 84 შ.) ხარაზი (მეწუღე).
3. გიორგი იასეს ძე ჯინჭარაძე (105 თ. 89 შ.) ადგილობრივი ვაჭარი.
4. მიხაკო იასეს ძე კობალაძე (90 თ. 17 შ.) არაფერი მოხელე არ არის.
5. არსენ მაქსიმეს ძე თავაძე (87 თ. 20 შ.) ესეც ვაჭარია.
არ. თავაძე და მ. კობალაძე ხმოსნებად წარმოუდგენიათ სადაც ჯერ არს, თუმცა იმათ სხვების არჩევის შემდეგ დაიდგეს ყუთი და სხვებზე ნაკლები კენჭი ამოუვიდათ, როგორც თეთრი ისე შავი. ამათ მაგივრად საფიქრებელია, ისინი დარჩებიან, რომლებიც ზემოთ მოვიხსენიეთ, რადგან ეს კენჭის რაოდენობაზე უნდა იყოს დამოკიდებული“
.
ანტონ გოგიაშვილის ნახატი – “ქალაქ ოზურგეთის მმართველობის სახლი” (1904 წელი)
შეიძლება იყოს შემდეგის ილუსტრაცია: შენობის გარეთ და ხე
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share