ციხე მჭადა-ქვისაგან არის ნაშენები. მითხრეს, ამ ციხის საშენებელი ქვა სულ მდ. აჭი-წყლიდან, რომელიც ციხიდან ერთის კილომეტრის მანძილზეა, არის ამოზიდულიო. აი ზეპირგადმოცემაც რას ამბობს ამ ციხის აშენების შესახებ. თურმე ხალხი ეყენათ გამწკრივებული ციხესა და აჭი-წყალს შუა. მდინარის ნაპირას ვინც იდგა, ქვას იღებდა და მეორეს, თავის გვერდით მდგარს, აწოდებდა, მეორე-მესამეს და ასე ბოლომდე, სანამ ქვა ციხესთან არ ავიდოდა. სანამ ციხე არ მოთავდა, ქვა სულ ასე აუზიდნიათ, სხვაფრივ ქვის აზიდვა, მაგალითად, ურმით არც შეიძლებოდა. მეტად ძნელი სამუშაო იყო თურმე და ყოველ საღამოს დაყენებულ მუშათაგან ორ-ორი კაცი კვდებოდაო: ერთი ის, რომელიც ქვას იღებდა ნიადაგიდან, ხოლო მეორე ის კვდებოდა, რომელიც სულ თავში იდგა და მოწოდებულ ქვას ძირსა სდებდა. ყველაზე მეტი სასჯელი ამ ორ კაცს − თავსა და ბოლოში მდგართ − ადგათო.
–
თედო სახოკია – მოგზაურობანი: გურია 1897
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა