ასე იწყება გურული ზღაპარი – ალცანდრე მაკიდონელი
–
იყო ერთი ხენწიფე ალცანდრე მაკიდონელი, თელი ქვეყნის მეფე იყო იგი, დასავლეთი და აღმოსავლეთი, ჩრდილოეთი და სამხრეთი ყველაი იცოდა, მარა მისი გული არ გაძღა აფერით. ალცანდრე მაკიდონელი იყო სტორეთ, რომე ცაზე უნდოდა კიბე იეყუდებია, მარა ვერ მუახერხა. ერი გზობა შუუჩთა რაცხა ეშმაკი და დეიჩემა გინდა თუ არა მიწა უნდა მოვთხარო და მიწის ქვეყნებიც უნდა დევიმყროვო. ამას, რა საკვირველია ძველი ხალხი, მოხუცებულები არ დუუჯერებდნენ და ამიზა გამუუშვეს ამფერი ბრძანება: ახალგაზრდებმა თავის მამეფს მოშჭრან კისერი ყველაყას და თვითან სამუშეირზე გამომცხადენო. ალცანდრე მაკიდონელმა მუუსია მისი ჯარი და რაც მოხუცებულები იყვნენ მის ქვეყანაში ყველაი გაჟუჟა. ახალგაზრდეფს ნეფესთან უნდა დიეფიცებია, რომ „მამაჩემი მიწის ზეით არ დამიტიებიაო“, თვარა მასაც მოშჭრიდნენ თავს.
ერთმა მოხუცებულმა კაცმა შვილს უთხრა: ჩემი სიმღალე მიწა მოთხარე და ჩამაგდე შით და დეიფიცე, რომე მამაჩემი მიწის ზეით არ დამიტიებია თქვა და შენ რომ წახვალ მეც მუალ იქინევო, იმ აბდალ მეფეს ვირი უფრო ჭკვიანი ყავს, ვიდრე თვითონაავო. ბერიკაცმა დაარიგა შვილი, რომევო ვირით საჭმელი წეიღე სამუშიერზე და თქვენ, რომ მიწის თრაი დეიწყოთ მისი ბარტყი (ჩოჩორი) მაღლა დუუტიე დამბულიო. ვირი კი სადაც მუშაობთ იქინე გეჩერევო. როცა მიწას მოთხრით იქიდან მყრალი სული ამუა, ვირს სიმყრალე შეაწუხეფს და გეიქცევა, შენ წაატანე კუდზე ხელი და ამოგიყვანს, თუ გინდა და ხელი მოგატანოს შენი აბდალი ნეფეც ქე ამეიყვანევო.
ამ ბიჭმა მართლაც ასთე მეიქცა, ვირი ახლოს დეიმბა. დეიწყეს მიწის თხრაი, ხალხი ქცესკნელში ჩევიდა ვეფრი ნახა. ალცანდრე მაკიდონელი ქია იქინე და უკამანდრეფს ხალხს მუშავობას. ბევრი რომ იმუშავეს ამევიდა საშინელი მყრალი სული, ამასობაში მეისმა რაცხა ხრიალიც, თურმე შვავდებოდა ამონათხარი მიწა. ვირს შიეშინა და გეიქცა ბარტყთან. ვირი, რომ გამეიქცა აი ბიჭიც ქე ამეიტან ზეთ; საქმე ისთე მოხდა, რომე ალცანდრე მაკიდონელიც ქე გადარჩა. თურმე ამ ბიჭს ზეით-ზეით ამოწევა, რომ დეეწყო აი დიენახა და ხელი მიეჭიდა. ასე რომე ვორივე ქე გადაარჩინა ვირმა. დანარჩენები ახალგაზრდები ყველაყაი ჩაშავდა იქინე და ჩეიღუპა. გადარჩენ მარტუაი მამაშვილი და ნეფე.
ნეფემ უთხრა ამ ბიჭს: ვირს რეიზა ჩამეიკიდე ზეთო, – იმიზა რომ მამაჩემა მითხრავო – უპასუხა ამანაც. – მამაშენი ამისიჭკვიანე თუ იყო რეიზა მოშჭარი თავიო. – არც მომიჭრიავო და ცოცხალიცაავო, უთხრა ბიჭმა. – აბა აქნაი მომგვარევო, უბრძანა ალცანდრე მაკიდონელმა და ამ ბიჭსაც მიეყვანა მამამისი. აი ნეფეა და დასაჩუქრებაზე მიჩოული. – ამფერ საქმიზა რა გაჩუქოვო – უთრა ნეფემ ბერიკაცს. ნახევარ სახენწიფოს გაძლევ და წეიღე ღმერთმა მოგახმაროსო. ბერიკაცმა განჯვარდა: სა გაქ შენ სახენწიფო, შენც ისთე გაქ მაგაში წილი რავარც მევო. თუ კტრების წილხთომილს მაძლევ მაი მე არ მინდაო; სანამდე ხალხი არ იყო დახოცილი მალამდი აბა რეიზა არ მომეციო.
ფულს გაჩუქეფო უთხრა ბოლოს ალცანდრე მაკიდონელმა, ბერიკაცმა ფული არ მიიღო და წევიდა. პაწა ხნის მერე მივიდა ნეფესთან, ჯიბიდან კაცის გამხმარი გული ამეიღო, იქავე მიწაზე დადვა და უთხრა ნეფეს: – ბეურს აფერ ქთხოვ, აი რომ დაფაროს იმდონი ფული მომეციო. მეიტანა ნეფემ ერი ნიჩაბი ფული, დააყარეს ზეთ, მარა გამხმარი გული ამოხტა ზეით, მეიტანა კიდო თეთრი ფული, საქონელი, ხაზინა გეიცალა, მარა აი გული ყველაყას მაღლა დააჟდა, ვეფერმა ვერ დაფარა. ნეფე გაკვირდა და ბერიკაცს ქითხა: – რაა აი ამფერი, რომ დაფარვა ვერ მოხერხთავო. ბერიკაცმა გეიცინა და უთხრა: – კაცის გამხმარი გულია, ხომ ხედავ კტარი კაცის გულს, რომ აფერი არ აყმაყოფილეფს, აბა ცოცხალს რა გააძღეფსო. შენ რომ თელი ქვეყანა გქონდა და ყოლიფერი შენი იყო, ქვესკნელში რაღა გინდოდა, რომ თხრიდი მიწასო. ამ გულს, შენ არ იფიქრო რამე ბეური უნდოდეს, ერი ჭაჭვი მიწა დაფარავსო. და მართლაც ბერიკაცმა წააყარა ერი ჭაჭვი მიწა და ხელათ დეიფარა. ასეა კაცის გული აფერით არ დაყმაყოფილდება. მას აფერი ამ ქვეყანას ვერ დაფარავს, მარა ერი ჭაჭვი მიწა კი მიზა სამყოფია და ყოლიფერს დაავიწყებს.
–
ალექსანდრე ღლონტი – „გურული ფოლკლორი“ 1937 წელი
კახა ჩავლეშვილი