საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა, გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში მიმდინარე და დასრულებული პროექტები მოინახულეს.
ჩოხატაურში აქტიურ ფაზაშია: მდინარე ორპირას კალაპოტისა და მიმდებარედ რეკრეაციული ზონის მოწყობა, გორაბერეჟოულის ტყე-პარკისა და ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია, სოფელ შუა ამაღლებაში შატოსთან მისასვლელი გზის მშენებლობა. დასრულდა: უდაბნოს მამათა მონასტერთან დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია. პროექტები საქართველოს მთავრობისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება.