2022 – 2023 სასწავლო წლისთვის შპს ბახვი ჰესმა მოსახლეობასთან შეთანხმებული სოციალური პროგრამის საგანმანათლებლო პროექტების ფარგლებში, არაფორმალური სახის სასწავლო ტრენინგ კურსის პროგრამა განაახლა. სიახლეა ის ფაქტი, რომ პროგრამა 2022 წლის შემოდგომიდან არა მხოლოდ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის საჯარო სკოლაში, არამედ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელი ჩხაკაურას ახლადგახსნილ საჯარო სკოლაშიც ტარდება. ტრენინგი უფროსკლასელთათვის, კერძოდ 9,10,11,12 კლასების მოსწავლეებისთვის არის განკუთვნილი და მიზნად ისახავს ბავშვებში ცნობიერების ამაღლებას გარემოს დაცვით საკითხებში, ასევე, ცოდნის გაზიარებას განახლებადი ენერგიის წყაროების შესახებ და ინფორმაციის მიწოდებას პროფესიულ ორიენტაციის საკითხების ირგვლივ, რათა უფროსკლასელებმა იცოდნენ რომელი პროფესიებია დღესდღეობით მოთხოვნადი და რა არჩევანი აქვთ, როცა იღებენ გადაწვეყილებას იმის შესახებ, თუ რომელ ფაკულტეტზე გააგრძელონ სწავლა.
მთისპირის სკოლა
ბახვი ჰესის საგანმანათლებლო პროგრამა 1 წლიანია და მოიცავს 8 შეხვედარს, მათ შორის ერთ ექსკურსიას. შეხვედრები თვეში ერთხელ ჩატარდება. გარემოს დაცვით საფუძვლებსა და განახლებადი ენერგიის მოდულს წარუძღვება გიორგი ბერეჩიკიძე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს ტყის მოვლა-აღდგენის დეპარტამენტის ტყის დაცვის სამმართველოს უფროსი; პროფესიული ორიენტაციის შესახებ ისაუბრებს ქეთევან ლობჟანიძე, ფსიქოლოგი, „ინსაით“ ჯგუფის დამფუძნებელი და HR მენეჯერი. პროფესიული ორიენტაცია განსაკუთრებით საჭიროა უფროსკლასელთათვის და მიზნად ისახავს აბიტურიენტების დახმარებას, რათა მათ შეძლონ მომავლის პროფესიის სწორად შერჩევა; კომუნიკაციების შესახებ შეხვედრას ჩაატარებს ხათუნა იოსავა, საზოგადოებასთან ურთიერთობის ექსპერტი, კავკასიის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი 2015 წლიდან. კომუნიკაციის ლექციის ფარგლებში, ახალგაზრდები ბევრს გაიგებენ მედიაზე და მის როლსა და ფუნქციაზე საზოგადოებაში, ასევე, ისწავლიან როგორ განასხვავონ ნამდვილი და „ფეიკ“ ანუ გამოგონილი, გაყალბებული ამბავი ერთმანეთისგან.
ჩხაკაურას სკოლა
„ჩვენი საგანმანათლებლო პაკეტის მნიშვნელოვანი შემადგენელია ტრენინგ კურსი, რომელიც შარშან მთისპირის საჯარო სკოლის უფროსკლასელებს ჩავუტარეთ. ჩვენ დანაპირები შევასრულეთ და წელს სოფელ ჩხაკაურას საჯარო სკოლაც ჩავრთეთ ამ პროგრამაში. ვფიქრობ, უფროსკლასელთათვის მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი იქნება ამ კურსის მოსმენა. ბავშვები ბევრ სიახლეს გაიგებენ როგორც გარემოს დაცვაზე, ასევე განახლებად ენერგიებსა და მათ მნიშვნელობაზე, რა დადებითი ფაქტორები აქვს ეკომეგობრული გენერაციის ობიექტების მშენებლობას და ზოგადად ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას სოფლებსა თუ რეგიონებში. დღეს, ჩვენ უკვე შეგვიძლია გამოცდილებაზეც ვისაუბროთ და შემიძლია ვთქვა, რომ წინა სემესტრის კურსით ფრიად კმაყოფილები იყვნენ როგორც ბავშვები, ასევე მათი პედაგოგებიც. იმედია, წელსაც საინტერესოდ ჩაივლის სწავლება და ახალგაზრდა თაობას ბევრი რამ დაამახსოვრდება ჩვენი ტრენერების ლექციებიდან, აქ გაგონილს და ნასწავლს კი გამოიყენებენ ყოველდღიურ ცხოვრებაში“ – განაცხადა ბახვი ჰესის დირექტორმა, გიორგი აბრამიშვილმა.
ბახვი ჰესი მდინარე ბახვისწყალის ხეობაში ბახვი 1 და ბახვი 2 ჰიდროელექტროსადგურების განმავითარებელი კომპანიაა. ბახვი 1 ჰესის პროექტს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მიანიჭა გარემოზე ზემოქმედების შეფასების ნებართვა. ბახვი 2 ჰიდროელექტროსადგური კი გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის მზადების ეტაპზეა.