საბჭოთა დროს, საბჭოთა აჩრდილი არ ყოფილა ისეთი დამთრგუნველი და შემაშფოთებელი, დღეს რომ არის – დემოკრატიის ნარჩენებია აქა-იქ, რასაც ვხედავთ, მათ შორის პარლამენტის ასე კოჭლი თხასავით ყოფნა, – ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრმა არმაზ ახვლედიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო გადაიქცა სახელმწიფოდ, სადაც ვერსად გაექცევი ქაჯობას – ვერც პარლამენტში და ვერც მის გარეთ.
„საბჭოთა დროს, საბჭოთა აჩრდილი არ ყოფილა ისეთი დამთრგუნველი და შემაშფოთებელი, დღეს რომ არის. არ იფიქროთ, რომ მხოლოდ თქვენკენ [„ქართული ოცნებისკენ“] გამოვიხედავ, ამას რომ ვამბობ, სხვა მიმართულებითაც შეიძლება გაიხედო ადამიანმა და საკუთარ თავსაც კითხო ბევრი რამ. მაგრამ თქვენ ამ ფაქტს ვერ უარყოფთ. მაშინ, დემოკრატიის რაღაც ასპექტები ჩნდებოდა, დღეს კი დემოკრატიის ნარჩენებისგანაც ვთავისუფლდებით, დემოკრატიის ნარჩენებსაც ვასამარებთ. დემოკრატიის ნარჩენებია აქა-იქ, რასაც ვხედავთ, მათ შორის პარლამენტის ასე კოჭლი თხასავით ყოფნა. ყველაფერი სხვაც – სასამართლო, მედია, პოლიტიკური მართლმსაჯულება; ის, რომ ჩრდილოვანი მმართველის და მისი მხარდამჭერების აზრით, სანაქებო, წარმატებულ ე.წ. დემოკრატიას თურმე ასე გაურბის ათიათასობით და ალბათ ასიათასობით სხვადასხვა ასაკის ჩვენი მოქალაქე. რატომ გარბიან ეს ადამიანები საქართველოდან, რას გაურბიან ბევრი სხვადასხვა მიზეზია, მაგრამ უმთავრესი მიზეზი ერთია – უპერსპექტივობა. ისინი ვერ ხედავენ საკუთარი თავისთვის, შთამომავლობისთვის საქართველოში პერსპექტივას.
სამწუხაროდ, გვიწევს იმის თქმა, რომ საქართველო მისი ბევრი კუთხით, შინაარსით დიდებული ქვეყანა გადაიქცა სახელმწიფოდ, სადაც ვერსად გაექცევი ქაჯობას – ვერც პარლამენტში, ვერც მის გარეთ ვერც სოფელში, ვერც ქალაქში, ვერც ურთიერთობებში. ეს ქაჯობაა საბჭოთა აჩრდილი, სხვა კი არაფერი. არ ვაპირებ გითხრათ, რომ ხვალ ხელისუფლებიდან უნდა წახვიდეთ. ეს არც რეალურად მიმაჩნია და არც სწორ განცხადებად. ჩემი გადასაწყვეტი არ არის, თქვენ უნდა წახვიდეთ, თუ არა, მაგრამ ხომ კარგად ხვდებით, ვისი და რისი გადასაწყვეტია. ეს უნდა გადაწყდეს ერთადერთი გზით – სამართლიანი დემოკრატიული არჩევნებით. მაშინ გადაწყდეს – უნდა დარჩეთ, უნდა იყოს შერეული მმართველობა თუ რა. იქნებ ერთხელ ამის შესაძლებლობა მივცეთ საზოგადოებას. თუ არადა საბოლოოდ მივიღებთ იმას, რომ ამ უფლებაჩამორთმეული საზოგადოება თავად გამოგიტანთ მძიმე განაჩენს, რასაც არ გისურვებთ“,- განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.