ბადრი ესებუას ვეძებთ, რა თქმა უნდა, ეს გახდა სახუმარო თემა, სახუმარო არ არის, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა „საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელ ბადრი ესებუაზე საუბრისას განაცხადა.
მინისტრი დარწმუნებული არ არის დატოვა თუ არა ბადრი ესებუამ ქვეყნის საზღვრები, თუმცა ამბობს, რომ კმაყოფილია იმით თუ როგორ წარიმართა მაშინ სპეცოპერაცია, რადგან მას მსხვერპლი არ მოჰყვა.
„ბადრი ესებუას ვეძებთ, რა თქმა უნდა, ეს გახდა სახუმარო თემა, სახუმარო არ არის – ხუთჯერ ავხსენი და კიდევ გავიმეორებ, არიან ადამიანები, რომლებსაც 20 წელი ვეძებდით, 18 წელი. ასე ნუ უყურებთ, რომ ეს კატასტროფაა. მე, პირველ რიგში, ვთვლი, რომ ძალიან სწორი იყო, რომ სისხლი არ დაიღვარა და ღმერთმა დაგვიფაროს ასეთი ოპერაციებისგან, მაგრამ ნეტა ყოველთვის უსისხლოდ დამთავრდეს, თუმცა ამის გარანტიას ვერავინ ვერავის ვერ მისცემს“,-განაცხადა გომელაურმა.