ამ თემას რადგან ასეთი გამოხმაურება მოჰყვა, გეტყვით, რომ ადამიანი, ვინც ჩემზე დასარტყმელად გაიწია, არის კრივის ფედერაციის ხელმძღვანელი, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.
წულუკიანის თქმით, როგორც მინისტრს, ევალება ქართული კრივის ხელშეწყობა და აღნიშნა, რომ მათ ეს ხელშეწყობა ექნებათ.
„ინფორმაცია, რომ კრივის ფედერაციის წარმომადგენლებისგან ან მოკრივეებისგან ჩემდამი იყო რაიმე წინააღმდეგობა, არის სიცრუე. ჩვენ გვყავს მოკრივეები, რომლებიც ერთი მეორეზე ღირსეული არიან თავიანთი ქცევით, არა მხოლოდ მიღწევებით, არამედ ქცევით. რაკი ამ თემამ ასეთი გამოხმაურება მიიღო, გეტყვით, რომ კი ბატონო, ის ადამიანი, ვინც ჩემზე დასარტყმელად გაიწია, არის კრივის ფედერაციის ხელმძღვანელი, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს, რომ ეს ქმედება ჩემს გონებასა ან განწყობაში გადამაქვს მოკრივეზე ან კრივის სახეობაზე. მათ წელს იმხელა შედეგები აჩვენეს, რომ მხოლოდ მადლობას იმსახურებენ. ქართულ კრივს, იმიტომ, რომ მათ არ გაუმართლათ ხელმძღვანელში, ჩვენ ხელს არ გავუშვებთ, მაგრამ ეს არის ასე. როგორც მეუბნებიან, მას აქვს განცდა, რომ უნდა, ჩაებღაუჭოს ფედერაციას, მაგრამ ამ ადამიანს, რომელიც პრინციპში, ამ ფაქტის შემდეგ არავინ არ არის, ცარიელი ადგილია. მე ქართულ კრივს ვერ დავაღუპინებ, რადგან მე ვარ სპორტის მინისტრი, მევალება ქართული კრივის ხელშეწყობა და რა თქმა უნდა, ეს ხელშეწყობა მათ ექნებათ.
მქონდა იმედი, რომ რაღაც ტიპის ნაბიჯი იქნებოდა გადადგმული, რომ მე ასეთი რაღაც დავაშავე და მოდი, არ დავაზიანებ ჩემი ხელმძღვანელად არსებობით სპორტის სახეობას. მან ეს ვერ გაიგო, მაგრამ ჩვენ ამის გამო ვერ გავჩერდებით. აუცილებელი იქნება, ვიპოვოთ ფორმა. გარკვეული ფორმა, რომელიც იანვრამდე იმოქმედებს, ვიპოვეთ, რომ მაინც დავაფინანსოთ კრივი და არა კონკრეტული პირის ჯიბე, რომელმაც ვერ გაიგო, სად მუშაობს. ეს მისი გამოქანება დასარტყმელად მოჰყვა იმას, რომ ის ითხოვდა ფულს. როცა მიიღო პასუხი, რომ ეს ახლა შეუძლებელია, ვიმუშაოთ, გამოაგზავნეთ, რა გაქვთ საჭიროებები და ვიმსჯელებთ, მან გააგრძელა შეურაცხყოფა ჩემი მოადგილის… ეს არის შემდგარი ფაქტი, რომელსაც ესწრებოდა ათეულობით ადამიანი. მაგრამ რაც ჩემთვის ძალიან ნიშანდობლივი იყო, მე როგორც ქალი, ამ ასაკში პირველად აღმოვჩნდი ამ ასეთი რაღაცის წინაშე. შეიძლება უცნაურად ჟღერს, მაგრამ მართლა ძალიან ქართულ ოჯახში გავიზარდე და ისეთი კაცები იყვნენ ჩემს გარემოცვაში, რომ წარმოუდგენელი პირობები იყო. ყველა იყო თანასწორი. შესაბამისად, ეს იყო ჩემთვის ძალიან დიდი სიურპრიზი, მაგრამ ყველა ქალმა უნდა იცოდეს, რომ ვინც არ უნდა იყო, მაინც შენი ბრალი იქნება. ამას ჩვენ არ უნდა შევეგუოთ. მე არ ვეგუები და არ შევეგუები. ჩვენ ვნახავთ ცოტახანში, სად იქნება ის, სად ვიქნები მე. მე მუშტი არ მაქვს, რომ მოკრივეს ვაჯობო, მაგრამ ქართული კრივი რომ არ დაიღუპება, ამას ვაჩვენებ. მეტიც, უფრო მეტად განვითარდება, ვიდრე მისი ხელმძღვანელობის პირობებში. რეალურად მისი სახე მან წარმოაჩინა. მე ვარ პირნათელი. მე ხომ პარლამენტში მისვლამდე არ მისაუბრია ამაზე. არაერთი თვე გავიდა, რადგან ისევ და ისევ ვუფრთხილდებოდი რაღაცებს, რომ იქნებ ისე გავიდეს ეს ადამიანი აქედან, რომ დარჩება როგორც ყოფილი ხელმძღვანელი და არავის ეცოდინება, დიდად რა მოხდა. არავინ არ უნდა გაჩერდეს. ყველა ქალმა უნდა თქვას, რომ ჩემი შეურაცხყოფა სცადა, ვინ სცადა, ხმამაღლა უნდა ვილაპარაკოთ ამაზე და უნდა ვიცოდეთ, რომ დაგვჭირდება მტკიცება, რადგან აგრესორი იტყვის, რომ მე არა, გამომიწვიაო. ეს არის ქცევის მოდელი.
სხვათა შორის, ეს არის ადამიანი, რომელიც ჩვენ რომ ოპოზიციაში ვიყავით, კარალეთში, გომში და კიდევ სხვა ადგილებში, თავს გვესხმოდა, რადგან ყოფილი სპორტის მინისტრი მას ზონდერად ამუშავებდა. მე არ ვიცი, ის თუ პოლიტიკური ნიშნით აპირებდა დარტყმას, მით უარესი, რადგან ეს მაშინ სხვა ტიპის დანაშაულია. დავანებოთ, ნუ გავართულებთ მის ისედაც მძიმე მდგომარეობას. ამ ადამიანმა თავის რეპუტაციას თვითონ არ მოუარა, ამიტომ ახლა საჯაროდ ალბათ უნდა გასცეს რაღაც კითხვებს პასუხი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა „იმედის“ ეთერში.